ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა იტალიასთან მე-3 ადგილისთვის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქეთა მწვრთნელ ჩეზარე პრანდელის კაცური კაცი უწოდა და თავისი გუნდის განსაკუთრებულ მოტივაციაზე ისაუბრა.
“ოთხშაბათს ესპანელების წინააღმდეგ ნახევარფინალში, მთავარი მოთამაშე ჩეზარე პრანდელი იყო. მისმა იტალიამ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ტოლი არ დაუდო. ჩეზარე ნამდვილი კაცია, - აღნიშნა ტაბარესმა, - შესაძლოა, კვირას ისინი მომქანცველი მატჩის შემდეგ დაღლილი იყვნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაინც ბოლომდე იბრძოლებენ. სტატისტიკა გვიჩვენებს, იტალიელებს წაგება არ უყვართ. ვნახოთ, რას გვიმზადებს ამჯერად პრანდელი.
ჩვენთვის კი მე-3 ადგილის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმის დასტური იქნება, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების რიცხვში ვართ. ხშირად არ გვეძლევა მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის საშუალება, ამიტომ შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ” – განაცხადა ტაბარესმა.