ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა ნიგერიის ნაკრებს 2:1 აჯობა.
განვლილ მატჩში, მე-19 წუთზე ანგარიში ურუგვაელმა ლუგანომ გახსნა. 37-ე წუთზე, ჯონ ობი მიკელმა თანაფარდობა აღადგინა – 1:1. 51-ე წუთზე, დიეგო ფორლანმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
თამაშის შემდეგ, ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა განაცხადა, რომ ტაქტიკურმა ცვლილებებმა თავისი ნაყოფი გამოიღო:
“აქამდე, სამი თავდამსხმელით, რომლებიც ასე იქნებოდნენ განლაგებული არასოდეს გვითამაშია. ჩვენ გვესმის, რომ გუნდს “შეჯანჯღარება” სჭირდებოდა. ამიტომ, ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება გადავწყვიტეთ. საბოლოო ჯამში, ამან შედეგი გამოიღო და ურუგვაიმ მოიგო. მატჩის დასაწყისი გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგ მეტოქე ინიციატივა ხელში ჩაიგდო. თუმცა, შეხვედრის მიწურულს თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით და გავიმარჯვეთ. ამით, ნახევარფინალისკენ ნაბიჯი გადავდგით”.
ნიგერიელთა თავკაცმა სტივენ კეშიმ, ურუგვაისთან მარცხის მერე აღნიშნა, რომ მის გუნდს გამოცდილება არ ეყო:
“ვერ ვიტყვი, რომ ურუგვაის ნაკრებმა რამით გაგვაოცა. მეტოქე ისე მოქმედებდა, როგორც ჩვენ ველოდით. თუმცა, ურუგვაელთა მდიდარმა გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ისინი ერთად უკვე ექვსი წელი თამაშობენ, როდესაც ნიგერიის ნაკრები ორი წელიც არაა, რაც ერთადაა. ამიტომ, რაღაც მომენტში გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა და მეორე გოლი გაუშვა”.
ნიგერია – ურუგვაი 1:2 (1:1)
ნიგერია: ენიეამა, ობოაბონა იტამა, ელდერსონ ეჩიეჯილე, ემბროუზი, ომერუო, უგოჩუკვუ, ოგუ (მბა, 66), ობი მიკელი, ოგუდე, მუსა, იდეიე (აკპალა, 73), ოდუამადი (ბაბანტუდე, 45).
მთავარი მწვრთნელი: სტივენ კეში
ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, მაქსი პერეირა, კასერესი, კრისტიან როდრიგესი (პერეირა, 88), არევალო, გონსალესი, სუარესი (კოატესი, 83), ფორლანი, კავანი.
მთავარი მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
გოლები: 0:1 ლუგანო (19), 1:1 ობი მიკელი (37), 1:2 ფორლანი (51).
გაფრთხილება: ბაბანტუდე (60), აკპალა (74), ლუგანო (79), კოატესი (84).