ორიოდე კვირის წინ, იტალიაში, 87 წლის ასაკში, ლეგენდარული სპორტსმენი და მწვრთნელი ჩეზარე რუბინი გარდაიცვალა. მას მეტად საინტერესო სპორტული ბიოგრაფია აქვს – ერთდროულად წყალბურთისა და კალათბურთის “დიდების” დარბაზის წევრია. მან კალათბურთისა და წყალბურთის თამაში სტუდენტობისას სინქრონულად დაიწყო. 1946 წელს, საკალათბურთო “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში, ევროპის პირველობის ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ერთი წლის შემდეგ კი, კონტინენტის ჩემპიონატზე იგივე სინჯის მედალს გამოჰკრა ხელი, ოღონდ წყალბურთში. 1948 წელს, რუბინი წყალბურთში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. საკლუბო დონეზე სინიორ ჩეზარე სპორტის ორივე სახეობაში გამოდიოდა და დიდი წარმატებითაც. რუბინი-კალათბურთელი ექვსჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, წყალბურთში კი ხუთჯერ მოიპოვა თავისი ქვეყნის პირველობა. აი, მწვრთნელობას რაც შეეხება, რუბინმა კალათბურთს უერთგულა და “სკუადრა აძურას” ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ მისი დამრიგებლობის პერიოდში აქვს. მისი ხელმძღვანელობით, იტალიის საკალათბურთო ნაკრები 1983 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 1991-ში ვერცხლის მედალს დაეუფლა, 1985 წელს კი, ბრინჯაოს “დასჯერდა”. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე, იტალიის საკალათბურთო ეროვნულმა გუნდმა ფინალამდე გააღწია (ნახევარფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებს სძლია), პირველობისთვის ჩატარებული გადამწყვეტი მატჩი კი, ჩეზარე რუბინის შეგირდებმა იუგოსლავიასთან დათმეს.
საქვეყნოდ ცნობილ ათლეტთაგან ჩეზარე რუბინი პირველი ნამდვილად არაა (ალბათ, არც უკანასკნელი), რომელთაც სახელი სპორტის ერთ სახეობაში გაითქვეს, მოგვიანებით კი, ბედი სხვაშიც სცადეს. ამ სიტყვების შემდეგ, ცხადია, პირველი მაიკლ ჯორდანი გვახსენდება.
1993 წელს, ჯორდანმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული, რის შემდეგაც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ განაცხადა, ბურთის კალათაში ჩაგდება მომბეზრდა, თანაც, არამზადათა მიერ მამაჩემის მკვლელობამ ხასიათი წამიხდინა და კალათბურთს უნდა გამოვემშვიდობოო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ 30 წლის მაიკლს ენერგია მოზღვავებული ჰქონდა, ამიტომაც სპორტის გარეშე ვერ გაძლო და თავის გამოცდა ბეისბოლში გადაწყვიტა. ”მისი უჰაეროვნესობა” სკოლაში სწორედ ბეისბოლით იყო გატაცებული, ამასთან, მამის ოცნება მაიკლის კალათბურთელობა კი არ იყო, არამედ ვაჟის ბეისბოლისტთა უპირველესი ლიგის (MLB) მოთამაშის რანგში ხილვა. სამწუხაროდ (კალათბურთის ქომაგთათვის კი საბედნიეროდ), ჯორდანმა მშობლის ოცნებას ფრთები ვერ შეასხა. იგი ”ჩიკაგო უაით სოკსთან” ერთად საზაფხულო ბანაკში ახალი სეზონისთვის ემზადებოდა, თუმცა, საბოლოოდ ”ბეისბოლისტი-ჯორდანი” დაიწუნეს და ფარმ-კლუბ ”ბირმინგემ ბერონზში” გაამწესეს. მალე კი გაირკვა, რომ საკალათბურთო მომზადება და სხეულის აგებულება მაიკლს კარგ ბეისბოლისტად ჩამოყალიბებაში ხელს უშლიდა. ჯორდანი ბევრს ეცადა, მწვრთნელების ყველა შენიშვნას ითვალისწინებდა, ვეებერთელა მოცულობის სამუშაოც გასწია, მაგრამ... იგი მხოლოდ ბურთების 20 პროცენტის მოგერიებას ახერხებდა, სასურველ საბეისბოლო კონდიციას ვერა და ვერ მიაღწია და 1995 წლის მარტში კალათბურთს დაუბრუნდა. მას შემდეგ მაიკლ ჯორდანი სამჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი.
დონალდ ტომასს დღეს ყველა როგორც წარმატებულ სიმაღლეზე მხტომელს, ისე იცნობს. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მან პირადი რეკორდი ერთბაშად 11 პუნქტით გააუმჯობესა და 236 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაახტა. რაც მთავარია, მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტ სტეფან ჰოლმს აჯობა და პირველობა მოიპოვა. დონალდს შიმპანზეს ადარებენ. არა, მისთვის შეურაცხყოფის მიყენება არავის გაუვლია გონებაში, უბრალოდ ტომასი ამ პრიმატის მსგავსად, ძალიან მაღლა ხტება, ეს კი დიდწილად კალათბურთის დამსახურებაა. მშობლიური ბაჰამის კუნძულებზე იგი სწორედ კალათბურთით იყო გატაცებული და უამრავ ”სლემ-დანკსაც” ასრულებდა ყოველი მატჩის მსვლელობისას. აი, ნბა-ს სელექციონერების ყურადღება კი ვერა და ვერ მიიპყრო. მძლეოსნობაში შემთხვევით მოხვდა. ლინდენვუდის უნივერსიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრება ტარდებოდა. მეგობრებმა ტომასს სიმაღლეზე ხტომაში გამოსვლა ურჩიეს და დონალდმაც ყველა გააოცა (მათ შორის საკუთარი თავიც). მან 222 სმ დაძლია და მას შემდეგ ”სპორტის დედოფლის” ერთგულია.
ლატვიელი კალათბურთელი - კასპარს კამბალა მადრიდის ”რეალში”, სტამბოლურ ”ეფეს პილსენში”, ყაზანურ უნიკს-სა და კიდევ ერთ თურქულ გუნდ ”ფენერბახჩეში” გამოდიოდა. მეფარე დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა და ორწლიანი დისკვალიფიკაცია აიკიდა. 208 სმ სიმაღლის გიგანტი ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა და 24 თვის განმავლობაში უმოქმედოდ ყოფნას არ აპირებდა, ამიტომაც გულმა რინგისკენ გაუწია და პროფესიულ კრივში რამდენიმე წარმატებული ორთაბრძოლის ჩატარებაც მოასწრო. კასპარსს საკრივო სამყაროში ცნობილი რეფერი და მწვრთნელი, რიჩარდ სტილი ავარჯიშებდა და ირწმუნებოდა, ბალტიისპირელს დიდი მომავალი აქვსო. მაგრამ დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, კასპარს კამბალას გულმა კვლავ საკალათბურთო პარკეტისკენ გაუწია და შესაძლოა, ლატვიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, მომავალ შემოდგომაზე ლიტვის ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზეც ვიხილოთ.
მერიონ ჯონსმა დოპინგ-სკანდალის გამო, პრაქტიკულად, ყველა სამძლეოსნო ტიტული დაკარგა. კოლექციაში მას მხოლოდ მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებული სამი ოქროს მედალი დაუტოვეს. სამგზის ოლიმპიური ტრიუმფატორი (ხუთი რგოლის ეგიდით გამართული თამაშების ჩემპიონს სუფიქსი ”ექს” არ ეწერება), მძლეოსნობამდე კალათბურთს თამაშობდა და მშვენივრადაც. კოლეჯის დასრულების შემდეგ, მერიონმა სწავლა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში განაგრძო და პირველ კურსზე ყოფნის პერიოდში სასწავლებლის საკალათბურთო გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრიც იყო. ჯონსი მატჩში საშუალოდ 19 ქულას აკეთებდა, NCAA-ს ჩემპიონი გახდა და სტუდენტური ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. პარალელურად, მერიონი მძლეოსნობაშიც ვარჯიშობდა და როდესაც 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე, ერთ-ერთი სახეობის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს, მან კალათბურთს თავი დაანება. 2003 წელს კი, ჯონსი დრაფტზე WNBA-ს გუნდმა - ”ფინიკს მერკურიმ” აიყვანა. მაშინ ეს დიდწილად სარეკლამო ნაბიჯი გახლდათ, თუმცა, იმხანად რეპუტაციაშელახული მერიონი არ გამორიცხავდა, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდებოდა სიყრმის გატაცებას - კალათბურთს. ასეც მოხდა, მან 2010 წლამდე ითამაშა ფინიკსელთა შორის, შარშან კი, დრაფტზე “ტულსა შოკმა” აიყვანა და დღემდე ამ გუნდის წევრია.
მინიატურულმა ამერიკელმა კრის უიტიმ, ციგურებით რბენაში ყველა შესაძლო ტიტული მოიხვეჭა. მას სპრინტერულ მრავალჭიდში მსოფლიოს პირველობა აქვს მოგებული, ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან კი, ოქროს მედლების სრული კომპლექტი აქვს წაღებული. ამასთან, 1000 მეტრზე მსოფლიო რეკორდის მფლობელია და სოლტ-ლეიკ სიტის თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ამერიკელთა ნაკრებს ქვეყნის დროშით მიუძღოდა წინ. 2000 წელს, სიდნეიში კი, კრისმა საზაფხულო ოლიმპიადაზე იასპარეზა. ამჯერად, უიტი ველოსიპედის საჭეს მიუჯდა და 500 მეტრზე გიტში არცთუ ურიგოდ გამოვიდა. მან დისტანცია 35.23 წამში დაფარა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
გოჩა კაჭარავა