სხვა

17:57 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველმა იმარჯვა

ნაცუ ბაშოს მე-4 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ იმარჯვა, რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში კი გამარჯვებას ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ მიაღწია.

გაგამარუმ, რომელიც ნაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ტურნირი 2 მარცხით გახსნა, თუმცა, თანაბარ ბალანსზე გასვლა მალევე მოახერხა. ქართველი გოლიათი ამჯერად აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა მასუნოიამას გაეჯიბრა და იორიტაოშით იმარჯვა.

ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა სოკოკურაი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს ამარცხებს. ჩინელ სეკიტორს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შეჯიბრზე 3 ბრძოლა აქვს მოგებული.

მაისის სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა 71-ე იოკოძუნა კაკურიუმ. “ოქროს ვარსკვლავის” (კიმბოსი) აღება აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ენდომ მოახერხა, რომელმაც სახელოვან მოწინააღმდეგეს იორიტაოშით აჯობა.

ნაცუ ბაშოს 4 დღის თავზე 5 დაუმარცხებელი სუმოისტიღა შემორჩა: იოკოძუნა ჰაკუჰო და რიგითი მაეგაშირები – ამინიშიკი, ტაკაიასუ, ჯოკორიუ და კიტატაიკი.

რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში დასავლეთის მე-6 ნომრად მიჩნეულმა ტოჩონიშინმა აღმოსავლეთის მე-8 ნომერ კოტოეკოს ოკურიდაშით მოუგო და წარმატებული სვლა გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ გასული ბაშო დაუმარცხებლად დაასრულა და თუკი ახლაც იმარჯვა, დიდი ალბათობით, მე-2 დივიზიონ ძურიოში აღზევდება.

ნაცუ ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=BLdrP8q8KlA

0.130488