ჭადრაკი

23:47 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ნაკრებმა იმარჯვა

ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-9 ტურის პარტიები შედგა. ამჯერად, საქართველოს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ნაკრებებმა მოგებები მიითვალეს.

ქალებმა ინდონეზიის გუნდი 3.5:0.5 დაამარცხეს. ნანა ძაგნიძემ (2550), ლელა ჯავახიშვილმა (2478) და ნინო ბაციაშვილმა (2435) გამარჯვებები იზეიმეს, ბელა ხოტენაშვილი (2494) კი ყაიმს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებმა თავი 13 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-8 ადგილზეა. 18 ქულით უდანაკარგოდ მიმავალი რუსეთის გუნდი ლიდერობს, ჩინეთს 16 ქულა აქვს, უკრაინას – 15, ესპანეთს, გერმანიას, რუმინეთს და პოლონეთს კი -14-14.

ბოლოსწინა მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკეები პოლონეთს ეთამაშებიან, უკრაინა რუსეთს გაეჯიბრება, ჩინეთი – ესპანეთს, გერმანია კი – რუმინეთს.

ყირგიზეთთან დაპირისპირებაში 3:1 იმარჯვა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა. გაიოზ ნიგალიძემ (2542) და კონსტანტინე შანავამ (2563) მოიგეს, მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) და ლევან ფანცულაიამ (2581) კი ფრედ ითამაშეს.

ქართველი ვაჟები 12 ქულით 28-ე პოზიციაზე არიან, 15-15 ქულით ჩინეთი და საფრანგეთი დაწინაურდნენ, უკრაინას, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, უნგრეთს და რუმინეთს კი 14-14 ქულა აქვთ.

მე-10 ტურში ქართველები კუბას ეთამაშებიან, საფრანგეთი – ჩინეთს, უკრაინა – აზერბაიჯანს, უნგრეთი – რუმინეთს, ხოლო ბულგარეთი – პოლონეთს.

0.14326