ძიუდო

11:27 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი რევანშის და სამი მედლის შანსი

ტიუმენში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ნახევარფინალში გავიდნენ, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას, ლევან წიკლაური (81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) კი ტურნირს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ.

ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში – მერვედფინალში რუს გრიგორი სულემინს ვაზარით მოუგო. იაპონელ შოჰეი შიმოვადას წუთნახევარში ორი ვაზარი შეუსრულა და ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვს დაეჭიდება, ვისთანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.

ადამ ოქრუაშვილი შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო და კუბელ ოსკარ ბრისონს სამ წუთში ეფექტური გდებით მოუმთავრა საქმე. ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსნის მეტოქე გერმანელი ანდრეას ტოლცერისა და ბრაზილიელი ვალტერ სანტოსის წყვილში გამარჯვებული იქნება.

ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მეოთხედფინალით დაიწყო, მაგრამ ოქრო-ვერცხლის შანსი უმალ დაკარგა რუსეთის ნაკრების წევრ მურატ ხაბაჩიროვთან წაგებით. ყველასთვის მოულოდნელად, ქართველი ძიუდოისტი პირწმინდად დაიჩაგრა. საწყის წუთნახევარში ორჯერ იუკოზე დავარდა, ერთხელ ვაზარზე, მესამე წუთზე კი იპონით წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ხაბაჩიროვის თანაგუნდელ სირაჟუდინ მაგომედოვს დაუპირისპირდება.

ლევან წიკლაური მასტერსს მერვედფინალიდან გამოეთიშა, იაპონელ კეიტა ნაგაშიმასთან ორი გაფრთხილებით წაგების გამო. ზვიად გოგოჭურს და ირინე ლეონიძესაც თითოჯერ მოუწიათ ტატამზე გასვლა. გოგოჭურმა უილეთოდ, გაფრთხილებებით 1:3 წააგო ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ კუბელ ეშლი გონზალესთან, ხოლო ლეონიძემ ჩინელ სონგ იუსთან შეხვედრაში სამწუთნახევარში ოთხი შიდო მიიღო.

0.124297