იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სექტემბრის ბაშოზე რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ორი ქართველი სეკიტორი იასპარეზებს.
ელიტარული მაკუუჩი დივიზიონიდან დაქვეითებული თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ძურიოში დასავლეთის მე-3 ნომერი იქნება, ხოლო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელმაც ძურიოში გასული ტურნირი მოიგო, დასავლეთისვე მე-5 განთესვით იასპარეზებს.
მაკუუჩიში უმაღლეს – აღმოსავლეთის იოკოძუნას წოდებას ზედიზედ მე-4 ტურნირზე ინარჩუნებს ჰაკუჰო. მომავალ შეჯიბრს ასევე იოკოძუნას სტატუსით ხვდებიან ჰაკუჰოს თანამემამულეები – კაკურიუ და ჰარუმაფუჯი, ოძეკის ტიტული შეინარჩუნეს კოტოშოგიკუმ და კისენოსატომ, გოეიდო კი ამ სიმაღლეზე პირველად აღზევდა.
მომავალი აკი ბაშო ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტს 14 სექტემბერს აიღებს და 28 სექტემბრამდე გასტანს.