საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, რევაზ ნადარეიშვილმა (84 კგ) და შოთა გოგისვანიძემ (120 კგ) ბუქარესტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ამრიგად, ვლადიმერ ადეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის უმთავრესი შეჯიბრება 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ნადარეიშვილმა ფინალის გზაზე ხორვატი კრესიმირ ფრანიჩი, ირანელი მაჯიდ აბას ალივარიფეიზაბადი და თურქი ასლან ატემი ჩამოიცილა. გადამწყვეტი გამარჯვება კი უკრაინის სახელით მოჭიდავე შავკანიან ჟან ბელენიუკთან მოიპოვა. ამ ოთხი შეხვედრიდან ქართველმა მოჭიდავემ სეტი მხოლოდ თურქ მოწინააღმდეგესთან წააგო, სხვებს კი საქმე გაცილებით იოლად მოუმთავრა.
შოთა გოგისვანიძემ ჩემპიონატი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონის, უკრაინელი იგორ დიდიკის ორ სეტში ძლევით გახსნა. გერმანელ ედუარდ პოპსაც სეტდაუკარგავად გასცდა, ნახევარფინალსა და ფინალში კი მიზანს მესამე სეტებში მიაღწია, ორჯერვე უძლიერეს მეტოქესთან: აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ასლან ძებისოვთან და ირანელ ბაბაკ ჰოსეინალი ძეჰბანი იმჩეჰთან.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 55 და 66 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ამირან შავაძე და საჩინო დავითაია გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც აღარ მისცემიათ, რადგან ფინალში ვერც მათმა მძლეველებმა გააღწიეს.
ოთარ მაღლაკელიძე