გულშემატკივრის სვეტი

17:58 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი “დინამო”

 

ტელევიზორში ვუყურე თბილისისა და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგურ თამაშს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ვინანე სტადიონზე წაუსვლელობა, რადგან ჩვენების თამაშმა არ დაგიმალავთ და დიდი იმედი ჩამისახა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს ნაღდად ბევრ რამეში აჯობეს. შორიდან ისე ჩანდა, რომ ტაქტიკურად მოწინააღმდეგეზე უფრო განსწავლული გუნდის შთაბეჭდილებაც დატოვა ჩვენმა ”დინამომ”.

თამაშიდან უკვე ერთი კვირაა გასული და ქართული პრესის ინტერესი კვლავ არ ნელდება ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამხანაგური მატჩის მიმართ. თავიდან მეგონა, რომ შეხვედრისადმი გაცხოველებული ინტერესი ”დინამო არენაზე” მჯდომი მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავის, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს გამო იქნებოდა. მაგრამ, რონალდუმ მხოლოდ ერთი-ორი დღე გაიელვა ქართული ტელევიზიების სიუჟეტებში და ეგ იყო. ამის შემდეგ კი, გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ასე, ერთი ხელის მოსმითა და ხელაღებით დაიწყეს მტკიცება, რომ ორი “დინამოს” შეხვედრის ანგარიში თავიდანვე ცნობილი იყო და თავიდანვე “ზემოდან” იყო დაკვეთა, რომ ამხანაგური მატჩი “ამხანაგური შედეგით” უნდა დასრულებულიყო.

ეს დღეები ვზივარ და ვფიქრობ... მაინც საიდან გაჩნდა დასკვნა, რომ თამაში ჩაწყობილი იყო? სულაც არ ვეტრფი რუსეთს, რუსულ ფეხბურთს და ყველაფერს რუსულს! მაგრამ რაკი რუსებს ვხვდებოდით, აუცილებლად ჩაწყობილი იყო? მთელს თამაშს ვუყურე და გულწრფელად გეუბნებით, რომ  არ დამრჩენია მსგავსი შთაბეჭდილება. მატჩის დროს მოსკოველი ქომაგების, რბილად რომ ვთქვათ არასწორი წამოძახილები და ამ წამოძახილებზე ჩვენი ქომაგების რეაქცია სულ სხვა თემაა და ეს სულ სხვა ჭრილშია განსახილველი, მაგრამ წმინდა საფეხბურთო კუთხით რა დაუწუნეს ამ თამაშს – ნამდვილად ვერ გავიგე.

რომელ მომენტებში იყო თამაში ჩაწყობილი? მერებაშვილმა ძელს რომ მოარტყა, თუ რუსებმა ნახევარი გუნდი რომ დაგვიჩეხეს. რამდენადაც ვიცი, ჩაწყობილ თამაშებში ძელზე ბურთის სპეციალურად მორტყმა და მოწინააღმდგე ფეხბურთელების გამიზნულად ჩეხვა არ ხდება. ხოლო ჩვენი ფეხბურთელები თუ აფერისტობის ასეთ თვალშეუდგამ სიმაღლეებს შეეპოტინნენ, მაშინ რუსთაველის თეატრი ალალად “დინამოს” ფეხბურთელებს უნდა დავუთმოთ.

რუსეთი და რუსული საფეხბურთო კლუბები ჩვენი როგორი ”ტკბილი მეგობრებიც” იყვნენ და არიან, - ეს ყოველთვის ცხადი იყო და ალბათ არც ღირს ამ თემაზე უფრო სიღრმეებში ჩასვლა. ისიც ცნობილია, წლების წინ, ვლადიმერ გუცაევი სწორედ მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელებმა რომ დაამტვრიეს, ეს შემდგომში გუცაევს საფეხბურთო კარიერის დასრულებად დაუჯდა. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არამხოლოდ მოსკოვის "დინამოს", ყველა არარუსისათვის საძულველ მოსკოვის "სპარტაკსაც" რომ შევხვდეთ ამხანაგურ შეხვედრაში – არც ეგ იქნება ურიგო. ამხანაგურ მატჩებში ძლიერი მეტოქეები ყოველთვის სასურველია.

სამწუხაროდ, რუსული ფეხბურთი დღეს ჩვენს საკლუბო ფეხბურთზე მაღლა დგას და არაფერი დაშავდება მათთან სპარინგებით. რუსეთთან პოლიტიკურად "დათბობის" ილუზიები სასაცილო მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ რუსი მხოლოდ მაშინ დაიხევს უკან, (აუცილებლად მოვა ეს დროც!) როდესაც ძალას დაინახავს. მაგათი "კეთილი ნების" არასოდეს მჯეროდა. ამიტომ, ორი ”დინამოს” შეხვედრა ჩემთვის მხოლოდ ფეხბურთია და სხვა არაფერი!

რუსების მიერ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული უზარმაზარია და მათ მიერ მოწყობილი გენოციდი ალბათ საუკუნეები დაგვრჩება დაღად. მაგრამ, სწორედ რუსებთან გამარჯვებას აქვს განსაკუთრებული გემო და ფასი. ეგრე თუ მივუდგებით, მაშინ ჩვენი მორაგბეები და მოჭიდავეებიც უარს უნდა ამბობდნენ რუსებთან შეხვედრაზე. ეს მაშინ, როცა სწორედ რუსებთან გამარჯვება (ტრაბზონში, თბილისში, სოჭში და სხვაგანაც...) არის რაც არის! დამოუკიდებლობის მერე, აგერ უკვე რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. მაგრამ, ნებისმიერ ქართველს გამორჩეულად მაინც ცირეკიძის და ზვიადაურის გამარჯვებები ახსოვთ. რატომ? პასუხი მარტივია: მათ (ერთმა ნახევარფინალში და მეორემ ფინალში) რუსები დაიფრინეს!

0.113115