ჭიდაობა

19:40 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი დაკარგული შანსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ვერცხლის მედლით დაასრულა.

დღეს პოდიუმზე ასვლის რეალური შანსი ჯუმბერ ყველაშვილსა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (96 კგ) ჰქონდათ, მაგრამ ორივეს თითო გამარჯვება დააკლდა. შესაბამისად, მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ.

ნაკრების დებიუტანტი ყველაშვილი სეზონის უმთავრეს ტურნირზე ძირითად ბადეში თურქი სონერ დემიტრაშის (4:3), ყაზახი გალიმჟან უსერბაიევისა (5:1) და აზერბაიჯანელი აშრაფ ალიევის (9:5) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში, იაპონელ სოსუკე ტაკატანისთან 1:3 დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კუბელ ლივან ლოპესს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და 1:11 წააგო.

ელიზბარ ოდიკაძემ უმაღლესი ტიტულისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსი მეორე წრეში დაკარგა, აზერბაიჯანის ნაკრების უხვტიტულა წევრ ხეთაგ გაზიუმოვთან თანაბარ ბრძოლაში წაგებით (1:2). იქამდე ქართველმა სპორტსმენმა მექსიკელი იესი რუიზ ფლორესი დაჩაგრა (10:0), ხოლო მას შემდეგ, რაც გაზიუმოვი ფინალში გავიდა, თავად “ბრინჯაოს გზაზე” გადაერთო და მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს სასურველი ფრით (2:2) გასცდა, ხოლო მონღოლ ხუდერბულგა დორჟხანდს 3:2 მოუგო და რეპეშაჟის ფინალში უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს დაუპირისპირდა.

პირველი წუთის მიწურულს ოდიკაძემ გდების შესრულება სცადა, მაგრამ შეცდომა დაუშვა, თავად დავარდა ბეჭებზე და ანდრიიცევმა ნაჩუქარი შანსი სუფთა გამარჯვებით დაასრულა.

დღეს მედლები 61 და 65 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ ამ წონებში ბექა ლომთაძემ (61 კგ) და მალხაზ ზარქუამ (65 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ჩემპიონატზე გამოსვლა დილის პროგრამაში დაასრულეს.

ლომთაძემ სადებიუტო მსოფლიოს პირველობა ლამაზი ჭიდაობით გახსნა - თურქმენ რამილ რეჯეპოვს წუთნახევარში 10 ქულა ისე აუღო, თავად ერთიც არ დაუკარგავს. მეორე წრეში რუს ალექსანდრ ბოგომოევს მხოლოდ პირველ სამწუთეულში ებრძოლა ტოლსწორად. შემდეგ კი ძალა აღარ ეყო და 3:13 წააგო.

მალხაზ ზარქუა მოლდოველ მიხაილ სავასთან ორქულიანი ილეთით დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს სწრაფადვე მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. თან ტრავმაც მიიღო და მეორე პერიოდში 2:6 დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე წარმატებული რუსეთის ნაკრებისთვის აღმოჩნდა. რვა წონითი კატეგორიიდან ხუთში ოქროს მედალს სწორედ რუსული გუნდის წევრები დაეუფლნენ. თითო ჩემპიონი ჰყავს ჩრდილოეთ ირლანდიას, აზერბაიჯანს და თურქეთს.

 

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიო ჩემპიონატი

ტაშკენტი

8-9 სექტემბერი

 

57 კგ

1 კიონგ ლი იანგი (ჩრდილოეთ კორეა)

2 ავთანდილ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

3 ჰასან საბზალი რაჰიმი (ირანი)

3 ვლადისლაუ ანდრეიუ (ბელარუსი)

 

61 კგ

1 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

2 მასუდ მაჰმუდ ესმაილპურჟუიბარი (ირანი)

3 ნიამ-ოჩირ ენხსაიხანი (მონღოლეთი)

3 იოვლის ბონე (კუბა)

 

65 კგ

1 სოსლან რამონოვი (რუსეთი)

2 სეიდ აჰმად მოჰამადი (ირანი)

3 მიხაილ სავა (მოლდოვა)

3 აზამატ ნურიკაუ (ბელარუსი)

 

70 კგ

1 ხეთიკ ცაბოლოვი (რუსეთი)

2 იაკუპ გორი (თურქეთი)

3 ბეკზოდ აბდურახმონოვი (უზბეკეთი)

3 ალი შაბანაუ (ბელარუსი)

 

74 კგ

1 დენის ცარგუში (რუსეთი)

2 დაიჩი ტაკაჰაში (იაპონია)

3 ჯორდან ერნესტ ბაროუზი (აშშ)

3 ლივან ლოპესი (კუბა)

5 ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო)

 

86 კგ

1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

2 რეინერის სალასი (კუბა)

3 სელიმ იასარი (თურქეთი)

3 მოჰამადჰუსეინ ასკარი მუჰამადიანი (ირანი)

 

97 კგ

1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)

3 შამილ ერდოგანი (თურქეთი)

5 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

 

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 კომილ გასემი (ირანი)

3 ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი)

3 ტერველ ივაილოვ დლაგნევი (აშშ)

 

ვასილ მშვილდაძე

0.140416