ჭიდაობა

21:34 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი დაკარგული ფინალური შანსი

2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური მე-3 ადგილი – სულ ესაა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე. ამ სტილის მიმდევრებს თბილისის სპორტის სასახლეში გაშლილი ხალიჩები ექვსდღიანი შეჯიბრების ბოლო ორ დღეს დაეთმოთ და თუ გუშინ ქართულმა გუნდმა გულშემატკივრების იმედები გააცრუა (ერთადერთი ბრინჯაო 4 წონითი კატეგორიიდან), დღეს გაცილებით ხარისხიანი და რაც მთავარია, შედეგიანი ჭიდაობით გამოუკეთა ხასიათი.

ხალიჩაზე დარჩენილი 3 ქართველი გავიდა და ორმა მათგანმა ფინალში იჭიდავა, მესამეს კი საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა.

84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში არსებული სიბინძურის გამო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სამეულს მიღმა დარჩა, ამჯერად მეტოქეებს ისე აჯობა, მსაჯებს შეხვედრის გაფუჭების პატარა შანსიც არ მისცა, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე სულ ცოტა მაინც დააკლდა.

ფინალამდე გეგეშიძე ისე მივიდა, ერთი ქულაც არ დაუკარგავს. შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც რუმინელ ანდრიან მოკანუს პირველი პერიოდი ჩოქბჯენში თავის დაცვით აღებული ქულით მოუგო. მეორეში კი მოწინააღმდეგეს ილეთ-ილეთ აუგროვა 6 ქულა. მეოთხედფინალში ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, ბულგარელ ხრისტო მარინოვს ორივე ორწუთეულში მინიმალური ანგარიშით სძლია. პირველში საქმე ჩოქბჯენამდე მივიდა, სადაც მარინოვი ვერაფერს გახდა და საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელებმა ხალიჩაზე “კვადრატი” შეაგდეს, აქაოდა ქართველმა მოჭიდავემ ფეხი იხმარაო. ვიდეოგანმეორებაზე არანაირი დარღვევა არ გამოჩნდა. მეორე პერიოდში გეგეშიძემ მეტოქის ხალიჩიდან გაყვანით მოიგო.

ყველაზე შთამბეჭდავი ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვება იყო - წუთნახევარი უქულოდ ჩაჭიდავდა. შემდეგ კი ვლადიმერ გეგეშიძემ ჩოქბჯენიდან მეტოქე ბეჭებზე გადაატრიალა და სუფთად მოუგო.

ევროპის ჩემპიონის ტიტულს ერთი შეხვედრის, ერთადერთი პერიოდის მოგება დააკლდა. უფრო ზუსტად კი, სულ რამდენიმე წამი. სამპერიოდიანი შეხვედრის დასკვნითი პერიოდი უილეთოდ ჩამთავრდა. გეგეშიძემ ჩოქბჯენში თავად ჩადგომა აირჩია, რადგან წინა პერიოდში სწორედ ამ გზით მიაღწია მიზანს. მაგრამ მიშინმა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე მეტოქის დატრიალება მაინც შეძლო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა. ცნობისთვის ფინალის სამივე ორწუთეული 0:0 დამთავრდა. პირველში ქართველმა ვერ შეძლო მეტოქის ხეირიანად დაძვრა, მეორეში – თავიც დაიძვრინა და ზემოდან მოქცევით 2 ქულა აიღო. მესამეში კი...

ევროპულ ოქრომდე ზურაბ დათუნაშვილსაც (74 კგ) ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა და მასაც რუსეთის ნაკრების წევრთან – ევროპის, მსოფლიოსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ რომან ვლასოვთან. ამ ფინალურ შეხვედრაშიც ორი უქულო პერიოდი ვიხილეთ. ჩოქბჯენში კი ორჯერვე ვლასოვმა იხეირა. ჯერ თავი დაიცვა, მერე კი თავად წარმატებით გამოიყენა შანსი.

ფინალამდე ზურაბ დათუნაშვილმა გეგეშიძის მსგავსად, 3 მოწინააღმდეგე ჩამოიშორა: უნგრელი ბალინტ კორპასი (1:0 3:1), ხორვატი ბოზო სტარჩევიჩი (2:0 1:0) და გერმანელი პასკალ ეიზელი (2:0 7:2).

ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება მანუჩარ ცხადაიამაც (66 კგ) მოიპოვა, მაგრამ თანაგუნდელთაგან განსხვავებით, ოქროს მედლის მოპოვების შანსი შედარებით ადრე დაკარგა – მეოთხედფინალში, რუს ადამ კურაკს პირველი პერიოდი 3:1 მოუგო და მეორეში, საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ქულით და გაფრთხილებით იყო წინ, მაგრამ ფიზიკურად უკეთეს კონდიციაში მყოფმა კურაკმა ჯერ პერიოდის სათავისოდ შეტრიალება მოახერხა, მესამე ორწუთეულში კი 3:1 იმარჯვა და ქართველი მოჭიდავე ძირითად ბადეს გამოთიშა. ამ შეხვედრამდე ცხადაიამ პოლონელი ტომაშ სვიერკი (1:0 1:0) და ხორვატი დომინიკ ეტლინგერი (5:0 0:1 6:0) ჩამოიშორა, დამამშვიდებელ ეტაპზე კი ჯერ მოლდოველ იონ ლუჩიტას აჯობა 1:0 0:1 1:0, ხოლო შემდეგ, რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ ჰუსეინ ალიევთან 1:1 2:1 0:2 დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველას რუსეთის ნაკრებმა აჯობა, მე-2 ადგილზე ბულგარეთი გავიდა, საქართველოს კი მე-3 პოზიცია ერგო.

ქართულ ევროპის ჩემპიონატს ერთი დამატებითი დატვირთვაც ახლდა. “შევუნარჩუნოთ ოლიმპიურ თამაშებს ჭიდაობა” - ამ სახელწოდების აქციის ფარგლებში შეიქმნა ბანერი, რომელსაც ხელი ჭიდაობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელებმა, მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა, ასევე საქართველოსა და ბევრი სხვა ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. პირველი ხერმოწერის უფლება კი წამოწყების ორგანიზატორებმა ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზე მისულ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისცეს. აქციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც შეუერთდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭიდაობის დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს. იქამდე ცხადია, ზემოაღნიშნული მიმართვაც მიაღწევს ადრესატამდე, მაგრამ აჯობებს, საერთაშორისო ფედერაციამ მეტი წინდახედულობა გამოიჩინოს და სექტემბრამდე უმთავრესი პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს. ერთ-ერთი პრობლემა საჭიდაო წესებში არსებული უამრავი ხარვეზის გადახედვაა. თბილისური ევროპირველობით თუ ვიმსჯელებთ, ამ მხრივ წინა შეჯიბრებთან შედარებით იოტისოდენა პროგრესიც კი არ იგრძნობა.

 

ევროპის ჩემპიონატი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

თბილისი. 24 მარტი

 

66 კგ

1 ტამაშ ლორინცი (უნგრეთი)

2 ადამ კურაკი (რუსეთი)

3 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

3 არტაკ მარგარიანი (საფრანგეთი)

5 მანუჩარ ცხადაია (საქართველო)

 

74 კგ

1 რომან ვლასოვი (რუსეთი)

2 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)

3 ბოზო სტარჩევიჩი (ხორვატია)

3 იავორ დიმიტროვ იანაკიევი (ბულგარეთი)

 

84 კგ

1 ალექსეი მიშინი (რუსეთი)

2 ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო)

3 არტურ შაჰინიანი (სომხეთი)

3 ნენედ ზუგაჟი (ხორვატია)

 

0.139782