ჭიდაობა

12:04 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს სტარტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა ალექსანდრე კილაძემ (42 კგ) და რამაზ ზოიძემ (58 კგ) ჩერნოგორიის ქალაქ ბარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ტურნირი გუშინ დაიწყო და ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილის ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქართულ გუნდს წარმომადგენელი ხუთივე წონაში ჰყავდა და ოთხმა მათგანმა რეპეშაჟის ფინალში იჭიდავა.

კილაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხი ნაირი გარსარიანი დაამარცხა. ზოიძემ კი ტურნირი რუსეთის ნაკრების წევრ ელბრუს ლალიევის ძლევით დაასრულა და შარშანდელი ევროპირველობის ოქროს ბრინჯაო შემატა, ოღონდ ამჯერად სამი წონითი კატეგორიით მაღლა. ტარიელ გაფრინდაშვილი (69 კგ) და ვაჟა ომარაშვილი (85 კგ) კი საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.

დღეს მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ ხუთ წონაში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი საქმეში შმაგი თოდუა (46 კგ), რამაზან მალაკოევი (54 კგ), ედუარდ ნიკოლიშვილი (63 კგ), გიორგი გიორგობიანი (76 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ) ჩაერთვებიან.

 

0.121155