ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებისა და გოგონების შემდეგ, საქმეში ბერძნულ-რომაული სტილის წარმომადგენლები ჩაერთნენ. დღეს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში უნდა გამოვლინდნენ. ხალიჩაზე ხუთი ქართველი ჭაბუკიც გავიდა და მათგან მედლისთვის ბრძოლას ორი აგრძელებს - ნუგზარ წურწუმიასა (42 კგ) და გიორგი კურტანიძეს (58 კგ) ბრინჯაოს თითო გამარჯვება აშორებთ.
წურწუმიამ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. რუმინელი რაზვან არნაუტის იოლად ძლევის (8:0) შემდეგ, თურქ კერემ კაზიმ კამალთან წააგო (3:6) და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური მოიპოვა, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი პირდაპირ “ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო. მედლისთვის ბრძოლაში კი უნგრელ კრისტიან იშტვან ვანცას დაეჭიდება.
კურტანიძეს შედარებით გრძელი გზის გავლა დასჭირდა – ძირითად ბადეში უნგრელი ოლივერ კაიტანის დამარცხების (8:0) შემდეგ, მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტთან, სომეხ ზავენ მიქაელიანთან აღარაფერი გამოუვიდა (0:9). ხოლო დამამშვიდებელ ეტაპზე ბულგარელ სიმეონ ფათი დარუიშს აჯობა (6:2) და მესამე ადგილის დასაკავებლად შვედ არდიტ ფაზლიჟას დაუპირისპირდება.
50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯონი ხეცურიანს რეპეშაჟის ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველსავე მეტოქესთან – აზერბაიჯანელ ჯაბარ ნაჯაფოვთან წაგებით (1:9) დაკარგა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნაჯაფოვმა ფინალის საგზური გაინაღდა, ხეცურიანი ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, მაგრამ უკრაინელ ოლექსანდრ გრუშინთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (2:3) და მე-7 ადგილს დასჯერდა.
გიორგი ბარბაქაძემ (85 კგ) ევროპირველობაზე გამოსვლა უნგრელ დომინიკ ლასზთან (1:3) გამართული მეოთხედფინალური შეხვედრით დაასრულა. იქამდე კი ლიტველი ვალენტას რუდისის ძლევა (7:5) მოასწრო.
დღესვე საქმეში დემურ ქავთარაძეც (69 კგ) ჩაერთო, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან - პოლონელ კრჟიშტოფ მარეკ ნიკლასთან დამარცხდა (3:5).