საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს “დიდი სლემი” ორი მედლით ჩაამთავრა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სატურნირო განაცხადი ძირითადად ახალგაზრდული ნაკრების წევრებით დააკომპლექტა. გამოცდილ და ტიტულიან ძიუდოისტთაგან კი კიმონოები მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოირგეს და კვარცხლბეკზეც სწორედ ისინი ავიდნენ. ჭრიკიშვილმა გუშინ მოიპოვა ბრინჯაო. ლიპარტელიანმა კი ასევე მესამე საპრიზო ადგილი დღეს დაიკავა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ მასიუ ბეიკერთან წაგებით. თავად ვაზარი აიღო, მოწინააღმდეგემ კი ვაზარი და იუკო. ამ შეხვედრამდე ლიპარტელიანმა ორი ეტაპი დაძლია. იაპონელი ჰიროტაკა კატო და გერმანელი აარონ ჰილდებრანდი იპონ-იპონ დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი კიდევ ერთ იაპონელი შოჰეი შიმოვადა ერთ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე და ბრინჯაოსთან ერთად 200 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.
ფინალში ბეიკერმა სამხრეთკორეელი კიუ-ვონ ლი დაამარცხა.
დღესვე “დიდ სლემზე” მედლები 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ ალექსანდრე მსხალაძემ (100 კგ), ლევან მატიაშვილმა და გიორგი ზაქარიაძემ (ორივე +100 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპს ვერც ერთი ვერ გასცდა. ამასთან, შეჯიბრებას სამივე იაპონელ მოწინააღმდეგესთან მარცხით გამოეთიშა.
ზაქარიაძემ გერმანელი სვენ ჰაინლეს იუკოთი ძლევით კი დაიწყო, მაგრამ მეორე წრეში მასარუ მომოსესთან ვეღარას გახდა. მსხალაძემ ტაკაში ონოსთან წააგო. ხოლო მატიაშვილმა – რიუ შიშინოესთან.
100 კილოგრამში “დიდი სლემი წაუგებლად ჩეხმა ლუკაშ კრპალეკმა ჩაამთავრა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან კანადელ კილი რეიესს სძლია. მძიმე წონის ფინალში კი სამხრეთკორეელმა სუნგ-მინ კიმმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.
ტოკიოს ტურნირს ერთობლივი სანაკრებო წვრთნა მოჰყვება, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით ჩაერთვება.
ძიუდო
“დიდი სლემი”
ტოკიო
1 დეკემბერი
მამაკაცები
90 კგ
1 მასიუ ბეიკერი (იაპონია)
2 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)
3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
100 კგ
1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2 კილი რეიესი (კანადა)
3 ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი)
3 სირილ მარე (საფრანგეთი)
+100 კგ
1 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 ჰისაოოში ჰარასავა (იაპონია)
3 მასარუ მომოსე (იაპონია)