დანიის საფეხბურთო სუპერლიგაში მოასპარეზე “ორჰუსი”, რომლის ღირსებასაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე იცავენ, პირველი ლიგისკენ “მიექანება”.
ამჯერად, “ორჰუსი”, რომელმაც ძნელი გასახსენებელია ბოლოს როდის მოიგო, სტუმრად “ვესტსიელანდთან” 1:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველი ლეგიონერებიდან 18-კაციან განაცხადში მხოლოდ სხირტლაძე იყო, რომელიც მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა. “ორჰუსს” 29 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა – ერთი ქულით ჩამორჩება მე-11 პოზიციაზე მყოფ “ვიბორგს”, ხოლო ორით მეათეადგილოსან “სონდერიისკეს”. დანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, ტურკუს “ინტერმა” გასვლაზე “ლახტისთან” ქულები გაიყო – 0:0. ირაკლი სირბილაძემ სტუმრებში თავიდან ბოლომდე იასპარეზა. “ინტერი” 12 გუნდში 8 ქულით მერვეა.