საქართველოსა და რუმინეთის მატჩს ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაცია FIRA-ს რუმინელი პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუც დაესწრო, რომელმაც მანამდე ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველო და რუმინეთი პირველი დონის სარაგბო ქვეყნებს მიუახლოვდნენ, მაგრამ საკლუბო რაგბის განვითარების გარეშე, სამომავლო პერსპექტივები ბუნდოვნად ეჩვენება.
ოქტავიან მორარიუ: “დღეს დიდი სარაგბო დღე იყო. საქართველოს ნაკრები ბევრად ჯობდა რუმინეთისას და დამსახურებულად გაიმარჯვა. ეს თამაში განსაკუთრებით ჩემთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი. გვინდა მსოფლიოს დავანახოთ, რომ პროფესიონალები ვართ და გვინდა რაღაც შევცვალოთ, ამაზე უკეთეს რეკლამას კი, ვერც ვისურვებდით. ფირაში იმ ძრავის შექმნაზე ვფიქრობთ, რომელიც ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს, ამ თამაშმა კი დაადასტურა, რომ ეს ორი გუნდი სულ სხვა ეტაპზეა. მსგავსი დონის თამაშები ექვს ერზეც არ იმართება და იმის ფონზე, რაც მე აქ ვნახე - პრემიერმინისტრთან, სპორტის მინისტრთან და ზოგადად გია ნიჟარაძესთან გატარებულ პერიოდში, თქვები პროგრესი და მიზანი უკვე ნათელია.
წინა მსოფლიო თასის შემდეგ, ორივე გუნდი აშკარად გაიზარდა და დღეს უმაღლესი ხარისხის თამაში შემოგვთავაზა. ჩვენი უმთავრესი მიმართულება საკლუბო რაგბის განვითარებაა. უნდა შევიმუშაოთ ფორმატი, რომლის თანახმადაც ქართულ და რუმინულ კლუბებს ევროთასებზე თამაშის რეგულარული საშუალება ექნებათ და მერე ნაკრებებიც სასურველ შევსებას მიიღებენ. ჩვენ მსოფლიო რაგბში რეპუტაცია უკვე დავიმკვიდრეთ და ახლა საჭიროა, რომ სიღრმისეულად განვვითარდეთ.
ექვსი ერის გუნდები უკვე გრძნობენ ჩვენს სუნთქვას და ბევრი უნდა ვიმუშაოთ მათ შესავიწროვებლად. წელს თქვენ ირლანდიას შეხვდებით, ასეთი შანსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და მიზანიც მიღწევადი იქნება. თუ ხარისხი სათანადო იქნა, ვიცი რა ექვსი ერის ორგანიზატორების პრაგმატულობა, ჩვენს დამატებაზე უარს აღარ იტყვიან. მთავარია, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. საქართველო პირველი დონის ნაკრებებთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ სტაბილურობამდე აქ დარჩენა მოუწევს. ვიცი რა თქვენი შრომიმოყვარეობა, დარწმუნებული ვარ, მალე უმაღლეს დონეზე გადახვალთ, მაგრამ დრო და მოთმინებაა საჭირო”.