ჭიდაობა

23:44 | 7.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს წერტილი გეგეშიძემ დასვა

5 ოქროს, 6 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი – ესაა საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ერთობლივი მონაგარი თბილისის “ოქროს გრან-პრიზე”. ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების - ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, ამჯერად, სამ დღეს გაგრძელდა. ხალიჩაზე 14 ნაკრების 223 სპორტსმენი გავიდა, აქედან, 126 ქართველი. ძიუდოსგან განსხვავებით, ჭიდაობაში, მსგავსი რანგის ტურნირებზე მასპინძელთათვის ქვოტა არ წესდება და ეს შეღავათი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული.
დასკვნით დღეს – შვიდ ივნისს, ჩემპიონ-პრიზიორები ორივე სტილის დარჩენილ ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა წინა დღეების გათვალისწინებით, შედარებით მოკრძალებული შედეგი იკმარეს, თუმც სამივე სინჯის მედლის მოპოვება მაინც შეძლეს.
ყველაზე შედეგიანად ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) გამოვიდა – 4 შეხვედრა ჩაატარა, ოთხივეში დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. საჩემპიონო გზას გეგეშიძე ირანელი ჰამიდ ახლაგის ძლევით შეუყვა. შემდეგ დავით კობერიძეს აჯობა, ნახევარფინალში – სომეხ ტიგრან საჰაკიანს, ხოლო ფინალში – დავით ქარჩავას.
საქართველოს ნაკრების ტიტულოვანი წევრი ბადრი ხასაიაც გეგეშიძის მხარეს მოახვედრა კენჭისყრამ. მათი გზები ნახევარფინალში იკვეთებოდა, მაგრამ მოულოდნელად, ხასაია პირველსავე მოწინააღმდეგესთან – ტიგრან საჰაკიანთან დამარცხდა.
60 კილოგრამში კვარცხლბეკზე ერთადერთი ქართველი ავიდა და ისიც, მხოლოდ მე-3 საფეხურზე. რევაზ ლაშხს ფინალის გზა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა, ირანელმა ჰამიდ სორიანმა გადაუღობა. მანვე დატოვა ფინალს მიღმა უჩა შავაძეც. მოგვიანებით კი, ფინალშიც იმარჯვა და ისედაც აქტიური ირანელი გულშემატკივრები კიდევ უფრო აახმაურა. ლაშხმა რეპეშაჟის ფინალში უზბეკი დილშოდ არიპოვი დაამარცხა.
თავისუფალი სტილის 84 კილოგრამში, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა რევაზ მინდორაშვილმა მკურნალობით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის გამო, ტურნირს ტრიბუნიდან მიადევნა თვალი. მის არყოფნაში კი, ახალგაზრდული ნაკრების წევრმა დავით მარსაგიშვილმა შეუტია ოქროს მედალს, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.
ფინალში მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორს, უკრაინელ ტარას დანკოს 3 სეტი ტოლსწორად ებრძოლა, მაგრამ ბოლო წამებზე ქულა დაკარგა და ვერცხლს დასჯერდა. თუმც, შეუპოვარი და ლამაზი ჭიდაობისთვის, მაყურებლისგან მხურვალე ოვაციები დაიმსახურა. ივნისის ბოლოს, დავით მარსაგიშვილი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე გაემგზავრება.
74-კილოგრამიანთა საპრიზო სამეული სულაც, საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსო. ერთმა ქართველმა – გია ჩიხლაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მაინც მოახერხა, მაგრამ იგი უკრაინის სახელით გამოდიოდა. სწორედ ჩიხლაძემ შესთავაზა მაყურებელს დღის ერთ-ერთი უმთავრესი სიურპრიზი. მე-2 წრეში მან ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ რამაზან შაჰინს დააკარგვინა ოქრო-ვერცხლის შანსი. ნახევარფინალში კი ჩიხლაძემ პანამერიკული თამაშების კანადელ ჩემპიონთან, მეთიუ ჯენტრისთან წააგო და შაჰინს დამამშვიდებელი ეტაპის გზაც ჩაეკეტა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გელა საღირაშვილმა “ოქროს გრან-პრი” მე-5 ადგილით დაასრულა. 3 მეტოქის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ირანელთან, სადეგ გუდარზისთან დამარცხდა, რეპეშაჟის ფინალში კი, ყაზახ აბდუხაკიმ შაპიევთან წაიფორხილა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ბერძენ-რომაელებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლსა და 6 ბრინჯაოს მოუყარეს თავი.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2 ტრადიციული ჯილდოც გასცა. ვახტანგ ბალავაძის სახელობის თასს ტარას დანკო დაეუფლა, ხოლო გივი კარტოზიას თასს – ვლადიმერ გეგეშიძე.
 
ჭიდაობა
ოქროს გრან-პრი
თბილისი
7 ივნისი

თავისუფალი
74 კგ
1 სადეგ გუდარზი (ირანი)
2 მეთიუ ჯენტრი (კანადა)
3 გია ჩიხლაძე (უკრაინა)
3 აბდუხაკიმ შაპიევი (ყაზახეთი)
84 კგ
1 ტარას დანკო (უკრაინა)
2 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
3 სარდარ ბოკე (თურქეთი)
3 ერმეკ ბაიდუაშოვი (ყაზახეთი)
 
ბერძნულ-რომაული
60 კგ

1 ჰამიდ სორიანი (ირანი)
2 იერბოლ კონურატოვი (ყაზახეთი)
3 რევაზ ლაშხი (საქართველო)
3 სანიარბეკ ჯუმაშევი (უზბეკეთი)
84 კგ
1 ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო)
2 დავით ქარჩავა (საქართველო)
3 ტიგრან საჰაკიანი (სომხეთი)
3 ანდრეი სამოხინი (ყაზახეთი)
ოთარ მაღლაკელიძე
0.118501