საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სომბატჰეის ოქროს გრან-პრი 2 მედლით მოიარა. უნგრულ ხალიჩაზე ქართული გუნდი ტიტულოვანი მოჭიდავეების გარეშე და არასრული შემადგენლობით გავიდა.
6 ქართველიდან ყველაზე შედეგიანად შმაგი გულიაშვილმა (74 კგ) იჭიდავა - სლოვენიელი იურე კუჰარის, ბულგარელი ილიან გეორგიევისა და ორი ბელარუსის - იაუმენ ბაჩკოსა და ალექსანდრ კიკინიოვის ძლევის შემდეგ, ფინალში რუს ემილ სარაფედინოვთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.
84 კილოგრამში მოჭიდავე აკაკი ჯოხაძე პირველსავე წრეში უხვტიტულა რუსს, ალექსეი მიშინს გადაეყარა და ვერაფერი მოუხერხა. მიშინმა მთელი გრან-პრი წაუგებლად ჩაიჭიდავა, ხოლო ჯოხაძე რეპეშაჟში გადაერთო და სერბი გორან ბოიანიჩის, უკრაინელი მიხაილ განაგასა და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე შალვა გადაბაძის ჩამოცილების შემდეგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში, ვლადიმერ გეგეშიძეს კვარცხლბეკამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. რეპეშაჟის ფინალში იგი ხორვატ ნენად ძუგაჟთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში გეგეშიძემ ბელარუს ალექსანდრ ხრაბოვიკს, უნგრელ ლასლო ანტუნოვიჩსა და კოლუმბიელ კრისტინ ჯერნი მოსქუგრას აჯობა. ნახევარფინალში კი ფრანგ ნუმონუ მელონინთან წაიფორხილა.
ანტონ მამაგეიშვილმა (66 კგ) რუმინელი იონ პანაიტი და სერბი ალექსანდრ მაქსიმოვიჩი კი დაჩაგრა, მაგრამ მეოთხედფინალში, პოლონელ ტომაშ სვიერკთან აღარაფერი გამოუვიდა და რადგან ეს პოლონელიც ფინალამდე შეაჩერეს, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შანსიც დაკარგა.
მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ ხალიჩაზე მარად აბულაძე (66 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ). პირველისთვის დაუძლეველი ბარიერი უკრაინელი სერგეი კრასილნიკოვი გახდა, მეორესთვის – რუსეთის სახელით მოჭიდავე სოხრუდი აივბოვი.
55, 60 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.
ოთარ მაღლაკელიძე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ოქროს გრანპრი
სომბათჰეი. 6-7 მარტი
55 კგ
1 იუნ-ბაიკ ლი (სამხრეთ კორეა)
2 როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
3 კოჰეი ჰაშეგავა (იაპონია)
3 კუმარ რაჯინდერი (ინდოეთი)
60 კგ
1 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
2 ალმატ კებიშმაიევი (ყაზახეთი)
3 შტიგ ანდრე ბერგე (ნორვეგია)
3 ასლან აბდულინი (რუსეთი)
66 კგ
1 ცუტომუ ფუიმურა (იაპონია)
2 მიხაილ სიამიონაუ (ბელარუსი)
3 სერგეი კრასილნიკოვი (უკრაინა)
3 ამბაკო ვაჩაძე (რუსეთი)
74 კგ
1 ემილ სარაფედინოვი (რუსეთი)
2 შმაგი გულიაშვილი (საქართველო)
3 ალექსანდრ კიკინიოვი (ბელარუსი)
3 ალექსეი ივანოვი (რუსეთი)
84 კგ
1 ალექსეი მიშინი (რუსეთი)
2 ნუმონუ მელონინი (საფრანგეთი)
3 აკაკი ჯოხაძე (საქართველო)
3 ნენად ძუგაჟი (ხორვატია)
96 კგ
1 ბალაშ კიში (უნგრეთი)
2 დიმიტრი ტიმოშენკო (უკრაინა)
3 გიორჟი რიჟმაიერი (უნგრეთი)
3 ანდრეშ დებერნი (პოლონეთი)
120 კგ
1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 რაგომირ პეტკოვიჩი (სერბეთი)
3 მიჰალი დეკ-ბარდოში (უნგრეთი)
3 სოხრუდი აივბოვი (რუსეთი)