ჭიდაობა

0:55 | 23.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს დუბლი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, სერბეთის ქალაქ ზრენიანინში 21-22 ივნისს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით და გუნდური წარმატებით დაასრულა. ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს კვარცხლბეკზე სამი ქართველი ავიდა და მათგან ორი უმაღლეს საფეხურზე. ევროპის ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) მოიპოვეს.

ხინჩეგაშვილმა ევროპირველობა სომეხი მატევოს საროიანის ძლევით გახსნა, შემდეგ რუმინელ დავიდ დობრეს, უკრაინელ ვიტალი გურსკისა და თურქ მეჰმეთ სოილერს აჯობა. ფინალში კი რუსი არსენ კურამაგომედოვი დაამარცხა.
მარსაგიშვილს გასაჩემპიონებლად ოთხი შეხვედრის ჩატარება ეყო, თუმც ოთხივეში შეუდარებლად იჭიდავა. თურქი მურატ ოზკონი, უკრაინელი დავიდ კალაშიანი, რუსი ალბერტ ციპინოვი და სომეხი ვაჰე ტამრაზიანი ისე იოლად დაჩაგრა, არც ერთთან არა თუ სეტი, კინკილა ქულაც კი არ დაუკარგავს.
ნაკრების დებიუტანტი, 17 წლის გენო პეტრიაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. რეპეშაჟში იგი ნახევარფინალიდან გადაერთო, მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს იჰარ ძიატკოსთან წაგების შემდეგ. ამ შეხვედრამდე პეტრიაშვილმა ორი იოლი გამარჯვება მოიპოვა, რუმინელ სანდორ მოლნოსთან და მოლდოველ ეგორ ოლართან, ხოლო რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ტონ ბერნჰარდტს სძლია.
ამ სამი წონითი კატეგორიის გარდა, მედლები 66 კილოგრამშიც გათამაშდა. ქართული დროშის ქვეშ დავით ტლაშაძემ იჭიდავა. კარგადაც დაიწყო – ბერძენ გეორგიოს სავულიდისს უპრობლემოდ გაუსწორდა, მაგრამ მერე მომავალ ჩემპიონს, რუს ბაიმირზა ხადისოვს გადაეყარა და სამსეტიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს მოსაპოვებლად სამი მეტოქის ჩამოშორება სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთს – სერბ ნემანია ტომიჩს გასცდა. სომეხ გრიგორ გრიგორიანთან კი ვეღარას გახდა და ტურნირს გამოეთიშა.
გუნდურ ჩათვლაში ნუგზარ სხირელის გუნდმა 63 ქულა დააგროვა და ამდენივექულიან რუსეთთან ერთად პირველობა გაიყო. მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანი გავიდა, 53 ქულით.
 
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
თავისუფალი ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ზრენიანინი. 21-22 ივნისი
 
50 კგ
1 ალდარ ბალჟინიმაევი (რუსეთი)
2 კოსტინ ჟედრე (მოლდოვა)
3 მირჯალალ ჰასანზადე (აზერბაიჯანი)
3 მარკ ლუიტლი (გერმანია)
 
55 კგ
1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2 არსენ კურამაგომედოვი (რუსეთი)
3 გალიბ ალიევი (აზერბაიჯანი)
3 მატევოს საროიანი (სომხეთი)
 
60 კგ
1 უზან ომერი (თურქეთი)
2 ხაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
3 თენგიზ ჩოჩიშვილი (საქართველო)
3 რაფალ სტატკევიჩი (პოლონეთი)
 
66 კგ
1 ბაიმირზა ხადისოვი (რუსეთი)
2 მაგომედ მუსლიმოვი (აზერბაიჯანი)
3 მუსტაფა კაია (თურქეთი)
3 გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)
 
74 კგ
1 ოზმენ აბდულ კადირი (თურქეთი)
2 ბექა პეტრიაშვილი (საქართველო)
3 ვიტალი ჟუკოვი (უკრაინა)
3 შამილ კატინოვასოვი (რუსეთი)
 
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2 ვაჰე ტამრაზიანი (სომხეთი)
3 ზბიგნიევ ბარანოვსკი (პოლონეთი)
3 ალბერტ ციპინოვი (რუსეთი)
 
96 კგ
1 ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი)
2 ბატრაზ გაზაევი (რუსეთი)
3 თედორე ებანოიძე (საქართველო)
3 გლებ კუტეი (უკრაინა)
 
120 კგ
1 იჰარ ძიატკო (ბელარუსი)
2 ასლან ძებისოვი (აზერბაიჯანი)
3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
3 ვიაჩესლავ მუზაიევი (უკრაინა)
 
გუნდური ჩათვლა
1 საქართველო  63
2 რუსეთი             63
3 აზერბაიჯანი      53
4 თურქეთი           46
5 სომხეთი             36
6 უკრაინა              32
7 ბელარუსი          31
8 გერმანია             22
9 უნგრეთი            21
10 პოლონეთი       17
 
0.123883