ჭიდაობა

16:29 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს დიდი პრიზის” სამი ქართული ოქრო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ სასარიში გამართულ “ოქროს დიდ პრიზზე” 5 მედალი მოიპოვა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა ერთი კვირის წინანდელი მახაჩყალის ტურნირისგან განსხვავებით, საიტალიო შემადგენლობა ძირითადად გამოცდილი მოჭიდავეებით დააკომპლექტა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ), მალხაზ ზარქუამ (66 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. დავით ქერაშვილს (96 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დაეუფლა, ხოლო გიორგი ედიშერაშვილმა (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სატურნირო კალენდარში უახლესი შეჯიბრება “საქართველოს თასია”, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, 21-23 ივნისს გაიმართება და შიდა კონკურენციაში სექტემბერში ბუდაპეშტში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა გამოიკვეთება.

 

0.134206