ჭიდაობა

22:48 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ვერცხლის გუნდი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე პირველზე წარმატებული გამოდგა – შეგახსენებთ, სამშაბათს ევროპოდიუმზე ორი ქართველი ავიდა – ტარზან მაისურაძე (74 კგ) უმაღლეს, ხოლო გიორგი ბრეგაძე (60 კგ) მეორე საფეხურზე. დღეს კი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს საჭიდაო არენაზე საქმეში გიორგი გოგშელიძის გაწვრთნილი გუნდის ოთხი წევრი ჩაერთო და დილის ბლოკის შეხვედრები ოთხივემ დაძლია. სამმა მათგანმა სულაც წაუგებლად და შესაბამისად, ფინალში ჭიდაობის უფლებაც გაინაღდეს. საბოლოოდ, მედალს სწორედ ეს სამი ახალგაზრდა დაეუფლა. ომარ გურჯიძე (66 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჩხარტიშვილი (84 კგ) კი ვერცხლს დასჯერდა.

ომარ გურჯიძე ოქროს გზას პოლონელი კამილ რიბიცკის ადვილად ძლევით (12:2) შეუყვა, იტალიელი ჯანლუკა კოკო (11:0) და გერმანელი ანდრეას ვალტერიც (11:1) უპრობლემოდ ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვთან დაძაბულ ბრძოლაში 4-ქულიანი ჩამორჩენის (1:5) აღმოფხვრა შეძლო და საწადელს ფრითაც (5:5) მიაღწია, ბოლო ქულის უპირატესობის წესის თანახმად.

გურჯიძისგან განსხვავებით, გენო პეტრიაშვილი თავიდანვე უმთავრეს ფავორიტად იყო მიჩნეული, რაც გასაკვირი სულაც არაა – ქართველი მძიმეწონოსანი პოლონეთში ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა. მორიგი ტიტული კი ისე მოიგო, არც ერთი მოწინააღმდეგისთვის პატარა შანსიც კი არ მიუცია.

დილის პროგრამაში პეტრიაშვილმა აზერბაიჯანელ ოიან ნაზარჰანთან (10:0), გერმანიის ნაკრების წევრ ილია ლიტვინოვთან (12:1) და რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ხუბულოვთან (10:0) წაივარჯიშა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი თურქი ემრე დედე იუნუში გააკრა ბეჭებით ლეიბს.

გიორგი ჩხარტიშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი აღმოჩნდა. ქართველი მოჭიდავე, რომელიც სულ ახლახან უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონთა თასს დაეუფლა, ევროფინალში დრამატულ ბრძოლაში 6:8 დამარცხდა.

გაჯიევთან დაჭიდებამდე ჩხარტიშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი – რუსეთის ნაკრების წევრი ასლან ბიბულატოვი პირველსავე წრეში ჩამოიცილა გზიდან (10:2). შემდეგ კი თურქ ფათიჰ ერდინს (5:4), იტალიელ უილიამ რაფისა (10:0) და ბელარუს ალიბეკ შადოს (16:3) აჯობა.

დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ რამაზ დარჩიძემაც (55 კგ) იჭიდავა და საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ძირითად ბადეში გამოსვლა რუმინელი კონსტანტინ ნეაგუს ადვილად ძლევით (10:0) დაიწყო. შემდეგ სომეხი ჰარუთინ ბარსეგიანი ჩამოიშორა (16:6), ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ტამირ გარმაევთან წააგო (4:10) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, მაგრამ იქაც დამარცხდა უკრაინელ ტარას მარკოვიჩთან (4:10) და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ხვალ და ზეგ კატოვიცეს ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ. 21-22 ივნისს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოავლენენ.

0.112408