საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მარიუპოლის “ილიჩივეცში” დარჩენას არ აპირებს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Footboom.com-ი იუწყება.
“ილიჩივეცთან” კონტრაქტი დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი ვარ. მწყინს ზოგიერთი რამ, რასაც ჩემს შესახებ წერენ. თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინაში “ილიჩივეცზე” უკეთესი გუნდი არაა?” – თქვა ოქრიაშვილმა.
სამი დღის წინათ “ილიჩივეცის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა განაცხადა, რომ ოქრიაშვილს და თარგამაძეს გუნდიდან წასვლა უნდათ, რადგან “ილიჩივეცისთვის” თავს გადაზრდილად თვლიან.
იქვე იყო მოყვანილი პავლოვის სიტყვები, რომ თითქოს ქართველი ფეხბურთელები ნაკრებში წავიდნენ და ერთი თვეა არ ჩამოსულან. ეს დიდი ალბათობით უკრაინელი ჟურნალისტის შეცდომაა, რადგან ორივე მათგანი მარიუპოლშია და ტრავმების გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. ხსენებული ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პრესატაშემაც დაუდასტურა, რომელიც თარგამაძეს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილისა და თარგამაძის სატრანსფერო უფლებები დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის, ხოლო “ილიჩვეცში” იჯარით თამაშობდნენ.