რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის “ხიმკის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში განაცხადა, რომ მისთვის კლუბიდან დათხოვნა მოულოდნელი იყო.
- გუნდიდან დათხოვნის გადაწყვეტილებას როგორ შეხვდით?
- მწვრთნელის პროფესია თუ აირჩიე, დათხოვნისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედეგი არ არის, რომელზეც პასუხისმგებელია მთავარი მწვრთნელია. ამ თემაზე კლუბში საუბარი მიმდინარეობდა, მაგრამ ჩემთვის დათხოვნა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, ამ ფაქტს ნორმალურად შევხდი, რადგან “ხიმკი” ჩემი სამწვრთნელო ბიოგრაფიის დასასრული არ არის. სამწუხაროა, რომ გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად საკმარისი დრო არ მქონდა, სულ ცოტა არ მეყო, შესაძლოა რამდენიმე კვირა ან დღე.
- თქვენი ასეთი თავდაჯერება რას ეფუძნება?
- როგორც მწვრთნელმა ყველაფერი გავაკეთე, რომ გუნდს ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწია და ამ მუშაობის შედეგს ვხედავ. გუნდი ათამაშდა და არცერთი მეტოქისთვის არაფერი დაუთმია. ბოლო მატჩში 10 კაცის შემადგენლობით “ტორპედოს” ვუგებდით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას დაცვაში ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით.
- რატომ არის დღემდე “ხიმკი” სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე?
- შემადგენლობის დაკომპლექტება დაჩქარებულად მიმდინარეობდა, რადგან კლუბს თანხა არ ჰქონდა და თავისუფალ აგენტებს იწვევდა, რომელთაც არცთუ დიდ ხელფასს უხდიდა. ალექსანდრ ტარხანოვს, რომელიც გუნდს მე-4 ტურამდე ხელმძღვანელობდა მოუხდა მუშაობა ფეხბურთელებთან, რომლებიც განსხვავებულ სათამაშო, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შემდეგ კი, ჩემპიონატის მსვლელობისას მათი კონდიციების გაუმჯობესება მე მომიხდა. არადა, თამაშებს ყოველ მე-3 დღეს ვატარებდით და ფეხბურთელებს ძალების აღდგენა უჭირდათ. ამის მიუხედავად, გუნდმა თამაში გააუმჯობესა და მასში ვხედავ პოტენციალს, რომ არა მხოლოდ სატურნირო ცხრილის ფსკერს დააღწიოს თავი, არამედ, პირველ ათეულში მოსახვედრად იბრძოლოს.
- რომელ პოტენციალზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც “ხიმკიში” ნომინალური ფორვარდი არაა?
- გეთანხმებით, რომ ეს სელექციის ბრალია, მაგრამ შედეგის მიღწევა ამ შემადგენლობითაც შეიძლება. ჩვენი დიდი ხნის წინ შეგვეძლო ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევა, რომ არა მსაჯების შეცდომები. თითქმის ყოველ თამაშში ან ფეხბურთელს გვიძევებდნენ ან კიდევ ჩვენ კარში პენალტს ნიშნავდნენ. როგორც “ბალტიკასთან”, ასევე, “უფასთან” და “ტორპედოსთან” უნდა მოგვეგო. მსაჯების მიკერძოებაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ რატომაღაც მათი შეცდომები ჩვენი გუნდის შედეგებზე აისახებოდა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა