“საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩი ვნახე და ვგულშემატკივრობდი. მიხარია, რომ ჩემი მეგობრის, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი ასეთ კარგ შედეგს აჩვენებს. ქართულ ფეხბურთს პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა და ამას ჰაერზე არ ვამბობ” – ეს სიტყვები ომარ თეთრაძემ თქვა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში, რომელიც რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ნაკრებს არ შეხებია.
ომარ თეთრაძეს წარმატებული მწვრთნელის სახელი აქვს. ზედიზედ ორი წელია, რუსეთის პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში გადაჰყავს გუნდი (შარშან “ანჟი”, წლეულს “ვოლგა”) და რაც ჩვენთვის საინტერესოა, ქართველ ფეხბურთელებს ენდობა – თეთრაძე ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” იმ დროს მივიდა, როცა გუნდი მე-12 ადგილზე იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მეორეზე გაიყვანა. გოჩა ხოჯავა, ედიკ საჯაია, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ მარცვალაძე თეთრაძის გუნდის ლიდერები იყვნენ, ახლა კი მათ კიდევ ორი ქართველი შეემატათ – მათე ვაწაძე და გოგიტა გოგუა.
მოკლედ, თეთრაძესთან სასაუბრო თემა ბევრი იყო. თბილისის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად თბილისშია:
- რა მიზნები ექნება “ვოლგას” პრემიერლიგაში?
- შვიდ დეკემბერს მივფრინავ მოსკოვში, შევხვდები კლუბის პრეზიდენტს და იქ ვისაუბრებთ როგორც გეგმებზე, ასევე მიზნებზე. შემადგენლობაში გაძლიერება ესაჭიროება “ვოლგას”. პირ¬ველ დივიზიონში წარმატებული გამოსვლა ერთია, პრემიერლიგა კი სხვა დონეა.
- რას იტყვით ახალშენაძენებზე - ვაწაძეზე და გოგუაზე?
- გოგუას გადაბირება ადრეც მსურდა, როცა “ანჟის” ვწვრთნიდი. თუმცა გოგიტა პრემიერლიგაში თამაშობდა. ამ ფეხბურთელზე რუსეთში ყველამ იცის, რაც შეეხება ვაწაძეს, რადგან გადმოვიყვანეთ, ესე იგი, მისი იმედი გვაქვს.
- ვაწაძის რომელი თამაშები ნახეთ?
- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. ასევე, სლოვენიაში 2:1 რომ მოიგო ქეცბაიას გუნდმა, მაშინ. და საქართველოს ჩემპიონატშიც, როცა თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” ხვდებოდა.
- მარცვალაძეზე ცალკე გკითხავთ. მშვენიერი სეზონი ჩაატარა, რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა. არადა, სანამ თქვენთან გადმოვიდოდა, ტრავმის გამო კარგა ხანი გაუცდა კიევის “დინამოში”, უკრაინის სხვა გუნდებშიც ვერ თამაშობდა შედეგიანად და ბევრი უკვე დაკარგულად მიიჩნევდა მის ტალანტს.
- ფეხბურთელის კარიერაში რთული პერიოდები არსებობს. ოთარს კი ურთულესად ჰქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ კიევის “დინამოში” ტრავმა მიიღო, მშობლები დაკარგა. ამ ყველაფერმა იმოქმედა. მის ადგილზე ყველას გაუჭირდებოდა. რაც მთავარია, მარცვალაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კიევის “დინამო” “ანჟიზე” და “ვოლგაზე” გაცილებით დიდი გუნდია, მაგრამ სჯობს, სოფელში იყო პირველი, ვიდრე ქალაქში უკანასკნელ როლებში. ოთარს დამატებითი მოტივაციის მიცემა არ დასჭირვებია, ის სულით სპორტსმენია და დიდი პოტენციალიც აქვს. პრემიერლიგაში მისი დიდი იმედი გვაქვს.
- თქვენ “ანჟიდან” წამოსვლის მიზეზი განაცხადეთ - ხშირად საუბრობდნენ, რომ გუნდში ბევრი ქართველი ფეხბურთელიაო. “ვოლგაშიც” არაა ნაკლები, 6 ქართველი მოგროვდა გუნდში. ნიჟნი ნოვგოროდში არ იქნება მსგავსი პრობლემა, რაც მაჰაჩყალაში იყო?
- მაჰაჩყალაში ასეთი მომენტი იყო, მაგრამ აბა, დავფიქრდეთ, თბილისის “დინამოში” ან რომელიმე სხვა ქართულ კლუბში 8 რუსი რომ თამაშობდეს, მოსაწონი იქნებოდა?
- რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ახლა “ვოლგაშიც” რომ ბევრი ქართველი მოგროვდა, პრობლემა არ იქნება?
- ამაზე ვისაუბრებთ. ყველაფერი მოგვარებადია.
- “ვოლგას” მიერ პირველ დივიზიონში ჩატარებულ სამ მატჩს რეზონანსი მოჰყვა – რუსეთის საფეხბურთო კავშირი საეჭვოდ მიიჩნევს ამ შეხვედრების “სისუფთავეს”. რას იტყვით ამაზე?
- ჩვენ გადავეცით ამ მატჩების ვიდეოფირი. ალბათ, უკვე ნახეს და დარწმუნდნენ, რომ იქ საეჭვო არაფერი ხდებოდა. ეს თემა მეტად აღარ წამოწეულა.
- ანუ, დასრულდა ეს საუბრები?
- დიახ. ასეთი ინტრიგები პირველად არ ხდება. ათას რამეს მოიგონებენ, რათა ჩირქი მოგვცხონ.
- კერძოდ, ვის რა ინტერესი ჰქონდა?
- იმ გუნდებს ჰქონდათ ინტერესი, რომლებიც პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩამოვიტოვეთ.
- “ვოლგას” საშინაო თამაშებს რამდენი გულშემატკივარი ესწრება?
- ტრიბუნები 18 000-იანია და ნახევრად სავსე იყო ხოლმე. ალბათ, პრემიერლიგაში უფრო გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა.
- ქართულ ფეხბურთზეც ვთქვათ. საქართველოს ნაკრების ან კლუბის გაწვრთნაზე როდესმე თუ გქონიათ წინადადება?
- არა.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების წლევანდელ თამაშებს უყურებდით?
- დიახ, ყველა მატჩი ვნახე. ვგულშემატკივრობდი. მიხარია, რომ ჩემი მეგობრის, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი ასეთ კარგ შედეგს აჩვენებს. ქართულ ფეხბურთს პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა და ამას ჰაერზე არ ვამბობ. რუსეთში კარგად იციან, რომ საქართველო ტალანტების ქვეყანაა. ზოგჯერ მესმის, ნაკრები სანახაობრივად კარგ ფეხბურთს ვერ თამაშობსო, მაგრამ მთავარი შედეგია. ქეცბაიას რა კონტიგენტიც ჰყავს, იმის შესაბამისად ათამაშებს გუნდს და შედეგი როგორი აქვს, ჩანს კიდეც.
- ქეცბაიასთან ახლო მეგობრობა გაკავშირებთ?
- ერთმანეთი თბილისის “დინამოში” გავიცანით, ერთად ვთამაშობდით და დავმეგობრდით. თემური “ვოლგა” – “ნიჟნი ნოვგოროდის” დერბიზეც იყო ჩამოსული.
- რა ყაიდის მწვრთნელია ომარ თეთრაძე – რა სტილის ფეხბურთი მოსწონს?
- სამხრეთული ფეხბურთი მიყვარს. ვცდილობ, ჩემმა გუნდმა დაბალი ტრაექტორიის პასებზე, ტექნიკურად ითამაშოს. ჩემი საყვარელი კლუბი “ბარსელონაა” – აქედანაც ჩანს, როგორი ფეხბურთი მიყვარს.
- და საყვარელი ფეხბურთელი?
- დიეგო მარადონა. ჩემთვის განუმეორებლად დარჩება...
ილია ნანობაშვილი