თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი - ომარ თეთრაძე ამჟამად თბილისშია. 43 წლის სპეციალისტმა შარშან ამ დროს დატოვა ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” და მას შემდეგ არსად უმუშავია. რამდენად რეალურია, რომ თეთრაძე თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახდეს? ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე სასაუბროდ, “მსოფლიო სპორტი” თეთრაძეს დაუკავშირდა:
- დიდი ხანია, რაც თბილისში ხართ?
- 11 აპრილს ჩამოვედი და აღდგომის დღესასწაულს აქ შევხვდი. როგორც იცით, ოჯახი თბილისში მყავს. 21-ში კი რუსეთში მივფრინავ.
- თბილისის “დინამოში” ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლას ელიან და ერთ-ერთ კანდიდატად თქვენც გასახელებენ. რას იტყვით?
- ეს დილით გავიგე. ჩემმა მეგობარმა დამირეკა. “დინამოს” წარმომადგენლებთან არ მისაუბრია. ასე რომ, მეც ის ვიცი, რაც თქვენ.
- “დინამო” რომ შეგეხმიანოთ და კარგი პირობები შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- კარგ პირობას მხოლოდ ფულით თუ გავნსაზღვრავთ, ეს ჩემთვის თითქმის არაფერს ნიშნავს. გავხდე მწვრთნელი მხოლოდ იმისთვის, რომ მწვრთნელი მერქვას, ეს ჩემი სტილი არაა.
- პირობებში მაინცდამაინც ფული არ გვიგულისხმია. მიზანი, ამბიცია, სწორი მიმართულება...
- მაშინ ასე ვიტყვი: არასოდეს თქვა არასოდეს. სამწუხაროდ, “დინამო” ძველებურად ვეღარ გვახარებს, თავისი თამაშითა და შედეგით. აშკარაა, რომ პრობლემებია და ჯერ ეს უნდა მოგვარდეს. გამოთქმაა, მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულაო. დროა საჭირო. თუ საძირკველშივე არაა საქმე კარგად, სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი ძნელია.
- თქვენ ჩახედული ხართ “დინამოს” პრობლემებში?
- მეც ის ვიცი, რაც გარედან მესმის. კლუბში რომ ვმუშაობდე, სხვა საკითხია. ყველაფერი რომ იცოდე, შიგნით უნდა ტრიალებდე. ხოლო შიგნით რა ხდება, სხვებზე უკეთ “დინამოს” პრეზიდენტმა იცის.
- რომან ფიფიას იცნობთ? ის ხომ საკმაო ხანს მუშაობდა რუსეთში.
- პირადად არ ვიცნობ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სარატოვის “სოკოლის” პრეზიდენტი იყო. უბრალოდ, ჩვენი გზები არ გადაკვეთილა.
- გასაგებია. “ვოლგა” შარშან ამ დროს დატოვეთ. მას შემდეგ სერიოზული წინადადებები არ გქონიათ?
- რუსეთის პირველი ლიგიდან იყო შემოთავაზებები, მაგრამ ვიუარე. პრემიერლიგას ვამჯობინებ, ან ისეთ კლუბს, რომელიც პრემიერლიგაში გადასასვლელად რეალურად იბრძვის და ამბიციური პროექტი აქვს. 21 აპრილს მივფრინავ რუსეთში და მოლაპარაკებას ვიწყებ ერთ-ერთ კლუბთან.
- კონკრეტულად ვერ გვეტყვით?
- ჯერ ვერა.
- რას საქმიანობდით ამ ერთი წლის განმავლობაში?
- “ვოლგადან” წამოსვლის შემდეგ, ერთი თვით დავისვენე. მხოლოდ ერთი თვით. შემდეგ კი სხვადასხვა საფეხბურთო წიგნებსა და ცნობარებს ვკითხულობდი, თამაშებს ვესწრებოდი. წლეულს ზამთარში ანთალიაში ვიყავი, სადაც ბევრი კლუბი გადიოდა შეკრებას. ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. სიახლეს ყოველთვის ნახავ.
- ლაშა სალუქვაძესა და გოგიტა გოგუას რომ “ვოლგასთან” ფინანსური გაუგებრობა აქვთ, ეს გეცოდინებათ. რას იტყვით ამ ყველაფერზე?
- ლაშასა და გოგიტას ჩვეულებრივ, პროფესიული კონტრაქტი ჰქონდათ. ბუნებრივია, მათ ეს თანხა ეკუთვნით და წესით, “ვოლგამ” უნდა გადაიხადოს. და რადგან ფეხბურთელებს თანხას არ აძლევენ, ამისთვის არსებობს ფიფასა თუ უეფაში საჩივარი.
- თქვენ სრულად გადაგიხადეს?
- დიახ. პრობლემა არ მქონია.
ილია ნანობაშვილი