ქუთაისის "ტორპედო" შეკრებაზე წავიდა, მეკარე ომარ მიგინეიშვილი კი გუნდს არ გაჰყვა და ამჟამად თბილისშია. მიგინეიშვილი, რომელსაც წლეულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და საერთოდაც, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერიცაა, ჯერ არ ადასტურებს თბილისის "დინამოში" გადასვლას. თუმცა, არც უარყოფს. მისი საუბრიდან ჩანს, რომ ტრანსფერამდე ბევრი არაფერი დარჩა.
"მსოფლიო სპორტი" მიგინეიშვილთან საუბარში მხოლოდ ამ საკითხს არ შეხებია:
- ჯერ არაა გადაწყვეტილი, ამიტომაც, ინფორმაციას "დინამოში" გადასვლაზე, ჯერ ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. უახლოეს დღეებში გაირკვევა ოფიციალურად.
- "ტორპედოს" რატომ არ გაჰყევით შეკრებაზე?
- იყო მიზეზები, რაზეც საუბარი არ ღირს.
- ერთი თვის წინ, "მეტალურგსაც" სურდა თქვენი გადაყვანა...
- კლუბებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება და ეტყობა, ვერ შეთანხმდნენ.
- ისე, განვლილ სეზონს თქვენთვის საუკეთესოდ მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, საუკეთესო იყო. მთლიანად "ტორპედომაც" კარგი თამაში აჩვენა. იმაზე კარგი, ვიდრე 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო სეზონი ყველაზე ცუდი იქნება, რაც კი ბოლო წლებში ჩატარებულა.
- რატომ?
- რამდენიმე კლუბის გარდა, ფული არსად არაა. ეს, დონეზეც იმოქმედებს.
- შედარებით გვიან გამოჩნდით: თბილისის "ლოკომოტივში" ძირითადის მეკარე არ იყავით და "ტორპედოში" უცებ დაიწყეთ აღმასვლა. რაც "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ალტერნატივა არ გყოლიათ. რას მივაწეროთ ასეთი პროგრესი?
- "ტორპედო" უმაღლესში სანამ გადავიდოდა, მანამდეც კარგი სეზონი მქონდა გუნდში. ანუ, პირველ ლიგაში. "ლოკომოტივში" კი თამაში არ მიწევდა, ამის გარეშე კი, თავს ვერ გამოვიჩენდი.
- ანუ, ნდობის ფაქტორი?
- რა თქმა უნდა. მეკარეს ყველაზე მეტად ეტყობა უთამაშებლობა. თანაც, როგორც იცით, მეკარე უმეტეს შემთხვევაში, 25-30 წლის ასაკშია საუკეთესო ფორმაში.
- უმეტესად მართლაც ასეა. ვინ მიგაჩნიათ ჩემპიონატში საუკეთესო თავდამსხმელად?
- ცოტა დავფიქრდები... დვალი ძლიერია. ჩისკოც. ასევე, კარგი ახალგაზრდები არიან. არ მინდა, ვინმე გამოვარჩიო და სხვებს ვაწყენინო. კარგია, რომ საბანაძემ დაიწყო ვარჯიში. ნიჭიერი ფორვარდია და კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა.
- ვიცით, რომ ქუთაისელ ქომაგებს გამორჩეულად უყვარხართ. არ გიჭირთ მათთან დამშვიდობება?
- მართლაც ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ქუჩაში ათიდან ცხრა ადამიანი მცნობდა. მეც ყველანაირად ვცდილობდი, მათთვის კარგი თამაშით გადამეხადა მადლობა. კარიერა ასეთია. დღეს აქ ხარ, ხვალ - სხვაგან.