ჭიდაობა

21:03 | 21.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ომარ გურჯიძე მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ჭაბუკთა ნაკრების წევრი ომარ გურჯიძე (69 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბაქოში დღეს დაწყებული ჩემპიონატის ფინალში, ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელ სერგეი დრამარეცკის შანსი არ დაუტოვა – 1:0, 8:1. იქამდე კი სამი შეხვედრა მოიგო და სამივე ორ-ორ პერიოდში – მეთექვსმეტედფინალში ჯეკ ბასს 1:0, 1:0 აჯობა, შემდეგ ირანელ რეზა როსტამალი მოზაფარიჯუვბარისთან 3:1, 4:1 იმარჯვა, ნახევარფინალში კი ბულგარელი საბრი საბრიევი ჩამოიცილა – 1:0, 5:0.
დღესვე, მედლები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და საქართველოს ნაკრების ორ წევრს, კვარცხლბეკამდე თითო მოგება დააკლდა - გიორგი ლეჟავამ (50 კგ) და ავთანდილ კენჭაძემ (58 კგ) საბოლოოდ მე-5 ადგილები დაიკავეს.
ლეჟავა “ბრინჯაოს ფინალში” ძირითადი ნახევარფინალიდან გადაერთო, მომავალ ჩემპიონთან, ირანელ ალი ფარვიზ მოჰამადზადენაგარჩისთან თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში წაგებით (0:1, 1:1). იქ კი, უკრაინელ ანდრეი ვაცენკოსთან სამპერიოდიან ბრძოლაში დამარცხდა (0:4, 1:0, 0:3). ამ ორ წაგებამდე, ქართველმა მოჭიდავემ უზბეკი დოსტონბეკ ბოზოროვი (3:3, 5:4, 4:0) და მონღოლი ხიშიგბატ ხუვაგტბაატარი (1:0, 9:1) ჩამოიცილა.
კენჭაძემ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი პირველსავე მოწინააღმდეგესთან, რუს ტაიმურაზ გურიევთან მარცხით დაკარგა (0:4, 0:6) და დამამშვიდებელ ეტაპზე მას შემდეგ გადაერთო, რაც გურიევმა ფინალში ჭიდაობა გაინაღდა. ბრინჯაოს გზაზე სამხრეთაფრიკელი იან კომბრინკი კი ჩამოიშორა (0:1, 2:0, 7:0), მაგრამ ირანელ სამირ სატარ ვავარისთან ვეღარას გახდა.
შმაგი თოდუა (42 კგ) და თორნიკე ბასილაშვილი (85 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშნენ. თოდუა მონღოლ ცოგბაკრახ ცევეენსურენს პირველი პერიოდის შემდეგ უგებდა და უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, ხოლო ბასილაშვილი, ბელარუს ვადიმ შერშანთან ორ პერიოდში დამარცხდა. არადა, მეორეში ბოლო წამებამდე 4:1-ს იგებდა და მეტოქეს ჯერ ფეხში შესვლის, მერე კი დატრიალების საშუალება მისცა.
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ირაკლი მხეიძე (46 კგ), ლევან მურცხვალაძე (54 კგ), ტარზან მაისურაძე (63 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ) და ბექა კახეთელიძე (100 კგ).
მხეიძე საქმეში მეორე წრიდან, მერვედფინალიდან ჩაერთვება, მონღოლ გუნდსამბუუ ბაზარდანისთან შეხვედრით. პირველ წრეს კახეთელიძეც გამოტოვებს, მაგრამ შემდეგ, უმალ, ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება რუსი გიორგი გოგაევის სახით. დანარჩენი ქართველები კი მეთექვსმეტედფინალიდანვე დაიწყებენ. მურცხვალაძე უზბეკეთის ნაკრების წევრ ზოკირ მანსუროვს დაეჭიდება, მაისურაძე ინდოელ აინხ სურხიტს, ხოლო ჩხარტიშვილი კი კანადელ იგნატიუს პიტს.


ოთარ მაღლაკელიძე

0.115507