თამაშგარე

14:05 | 17.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანმა თავის ქორწილში მეგობრები არ დაპატიჟა

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა – ოლივერ კანი რამდენიმე დღის წინათ ისე სწრაფად და მოულოდნელად დაქორწინდა, რომ ეს ამბავი მისმა მეგობრებმაც კი შემთხვევით გაიგეს. აღნიშნული ქორწინება ოლივერისათვის მეორე იყო. გერმანელ მეკარეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს და პირველ ცოლს კანი ოფიციალურად ორი წლის წინათ გაშორდა. პირველ ცოლთან გაყრიდან უმოკლეს დროში გაიცნო კანმა თავისი ამჟამინდელი მეუღლე – სვენ ატენდი, რომლთანაც უკვე თვეების შვილი – ჯულიანიც ჰყავს და ერთ-ერთი ვერსიით, კანის ხელმეორედ ქორწინება დიდწილად სწორედ ბავშვის ყოლის ფაქტორმა განაპირობა.
მიუნჰენის დიდ კათედრალში ოლივერისა და სვენის ჯვრისწერას მხოლოდ მათი რამდენიმე ახლობელი ესწრებოდა და განსაკუთრებულად საზეიმო ვითარება არც ყოფილა. ბევრ გერმანელ ჟურნალისტსა და პაპარაცს ექნებოდა სურვილი ამ რიტუალს დასწრებოდა, მაგრამ ჯვრისწერის შესახებ მრავალმა გერმანულმა “ყვითელმა“ გაზეთმაც მოგვიანებით შეიტყო.
ჟურნალისტებზე რა უნდა ვთქვათ, როცა ამ დაუპატიჟებლობამ ოლივერ კანის ძველი მეგობრებიც კი გაანაწყენა. “ბაიერნის“ ყოფილი მეკარის თანაგუნდელი – მეჰმედ შოლი ამბობს, რომ ოლივერთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და მისთვის საკმაოდ უსიამოვნო მოვლენა იყო ის, რომ კანის ქორწინების შესახებ ტელევიზორიდან შეიტყო. უყურადღებობის გამო, გაკვირვებასა და წყენას კანის არც სხვა მეგობრები მალავენ, მაგრამ რაც უკვე მოხდა და ჩავლილი ამბავია, იმას ვეღარაფერი შეცვლის. 

0.147252