პოლონელმა სერფერმა სოფია ნოსეტი-კლეპაკამ, რომელმაც ლონდონის თამაშებზე ვინდსერფინგში ბრინჯაო მოიპოვა, მძიმედ დაავადებული 5 წლის მეზობელი გოგონას დასახმარებლად, საკუთარი ჯილდო აუქციონზე გაიტანა.
გოგონა სახელად ჟუჟა, მძიმე ქრონიკული დაავადებით – ცისტიტური ფიბროზით იტანჯება, რომელიც თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს და ინფექციებსა და სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
“ჟუჟას, მისი დაბადებიდან ვიცნობ, ის ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივარია. ლონდონის თამაშების დაწყებამდე შევპირდი, რომ საპრიზო ადგილს დავიკავებდი. გოგონა და მისი ახლობლები საავადმყოფოში, ძალიან დიდ დროს ატარებენ, ახლა კი, შანსი მაქვს დავეხმარო”, - განაცხადა 26 წლის სპორტსმენმა.
გოგონამ, უკვე 5 ოპერაცია გადაიტანა და მისი მშობლები სამედიცინო ანგარიშების გადახდას ვერ აუდიან.
“ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ჟუჟას მდგომარეობა გაუმჯობესდება, ჩემს მედალსაც, სწორედ ამიტომ ვყიდი”, - დაურთო სოფიამ.
აუქციონის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ სახელდება, თუმცა სპორტსმენის განცხადებით, ის ძალიან მალე შედგება და მსურველებს, მისი პატარა მეგობრის დახმარებისკენ მოუწოდებს.
აქვე გეტყვით, რომ უკრაინელი მოკრივის ვლადიმირ კლიჩკოს მიერ 1996 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი, მიმდინარე წლის მარტის თვეში ატლანტაში, მილიონ დოლარად გაიყიდა.