ფეხბურთი

1:17 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპიკო“ და „ლაციო“ „იუვეს“ პრობლემებს კვლავ ვერ უქმნიან

იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ მე-5 თამაშის მოგების შემდეგ, „იუვენტუსმა“ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ახლა, ტურინელები მდევარ „ნაპოლის“ 11 ქულით უსწრებენ.

32-ე ტურის ბოლო მატჩში, „იუვენტუსი“ „ლაციოს“ ეწვია. მეტოქე სუსტი არ იყო, მაგრამ რომაელთა ცუდ ფორმაში ყოფნისა და გუნდების ურთიერთშეხვედრების ბოლოდროინდელი სტატისტიკის გათვალისწინებით, ანტონიო კონტეს გუნდის გამარჯვება მოულოდნელობა არ ყოფილა. სერია A-ში, „ლაციოსთან“, სტუმრად, „იუვემ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო და ამჯერადაც მშრალად. ქვეყნის ჩემპიონატში, რომაელებს ტურინელები 2003 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაუმარცხებიათ. მას შემდეგ, გუნდებმა უკვე მეჩვიდმეტედ ითამაშეს.

„იუვემ“ ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან 8 წუთში გახსნა. სტუმართა მიერ კარგი კომბინაციის გათამაშების შემდეგ, საჯარიმოში ვუჩინიჩი შეიჭრა, რომელიც ცანამ წააქცია და არბიტრმა ის თერთეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად ვიდალმა აქცია.

სანამ მე-2 გოლი გავიდოდა, თავის გამოჩენის არაერთი კარგი შანსი ხელიდან ორივე გუნდის ფეხბურთელებმა გაუშვეს, ხოლო 28-ე წუთზე, ვიდალმა დუბლი გაიფორმა. ვუჩინიჩის მიერ მარკიზიოს მისამართით გაკეთებული გადაცემა არ გავიდა, მაგრამ ბურთი ვიდალთან მივიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან დარტყმით იხეირა. „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, ვიდალმა მე-2 დუბლი გაიფორმა და ამჯერადაც რომაულ გუნდთან.

შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, გუნდები სახიფათო მომენტების გაცუდებით იყვნენ დაკავებულნი. ამ მხრივ, „თავის გამოჩენას“ უფრო ხშირად ტურინელები ახერხებდნენ, მაგრამ ამან მათ ქულები მაინც ვერ დააკარგვინა.

 

ლაციო-იუვენტუსი 0:2 (0:2)

რომი, “ოლიმპიკო” 31000

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, გონსალესი, სიანი, ცანა, სტანკევიჩუსი, ლედესმა (გრეკო 67), კანდრევა, ონაზი, ერნანესი (კოზაკი 46), მაური (ედერსონი 46), კლოზე.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, პელუზო, ლიხტშტაინერი (პადოინი 67), ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა, მარკიზიო (ჯაკერინი 89), ვუჩინიჩი (კვალიარელა 86).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 0:1 ვიდალი (8, პენ), 0:2 ვიდალი (28).

გაფრთხილებები: ცანა 7, სიანი 53 - ვიდალი 14, პელუზო 41.

მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 17 (3)-12 (6), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 17-10.

0.063954