ინტერვიუები

13:57 | 20.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ოლექსანდრიას” პრეზიდენტი: “შახტარის" წარმომადგენლები თარგამაძით აქტიურად არიან დაინტერესებულნი”

უკრაინული საფეხბურთო კლუბ “ოლექსანდრიას” პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკოვმა გაზეთ “კომანდასთან” ინტერვიუში გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ვოლოდიმირ შარანის სავარაუდო დათხოვნაზე ისაუბრა და გაცილებით ვრცლად დავით თარგამაძის თემას შეეხო.
ნიკოლაი ლავრენკოვი: “არასახარბიელო მდგომარეობის გამოსასწორებლად აქტიური მოქმედებაა საჭირო. არ დავმალავ, რომ ცვლილებები შესაძლოა სამწვრთნელო შტაბსაც შეეხოს. კერძოდ, დღესდღეობით მოლაპარაკებას რამდენიმე ცნობილ სპეციალისტთან ვმართავთ და არაა გამორიცხული, ერთ-ერთი მათგანი “ოლექსანდრიას” სათავეში ჩაუდგეს. წავა თუ დარჩება გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ვოლოდიმირ შარანი, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი”.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, მთავარი მწვრთნელის გადადგომასთან ერთად, შესაძლოა, თქვენი კლუბისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდეს – დავით თარგამაძე წავიდეს...
- მოვლენათა ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავ. თარგამაძეს სხვა გუნდში გადასვლა უნდა. მისი მენეჯერს ერთდროულად რამდენიმე კლუბთან აქვს მოლაპარაკებები. თუმცა, ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ კონკრეტული საუბარი პირადად მე არავისთან მქონია.
 - ამბობენ, რომ დავითი პრაქტიკულად მოელაპარაკა დონეცკის “შახტარს”...
- ვიცი, რომ დონეცკური კლუბის წარმომადგენლები თარგამაძით აქტიურად არიან დაინტერესებულნი. თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნებისმიერი ფეხბურთელის მიმართ, ვისაც “შახტარში” თამაში სურს, დონეცკელები ძალიან მომთხოვნები არიან. გარდა ამისა, დავითი მოსკოვშიც იყო ჩასული - მის სავარაუდო დამსაქმებელთა შორის რამდენიმე რუსული კლუბიცაა. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს წინადადება თბილისის “დინამოდან” გვაქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე ისაა, რომ თარგამაძეს საქართველოში თამაში კატეგორიულად არ სურს.
- გამოდის, რომ “ოლექსანდრიას” ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს გონებაში უკვე დაემშვიდობეთ?
- მაინც ვიმედოვნებ, რომ თარგამაძე ჩვენს გუნდში დარჩება და მის რიგებში წარმატებით არა მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილს ჩაატარებს, არამედ 2013 წლამდე ითამაშებს, ვიდრე “ოლექსანდრიასთან” მოქმედი კონტრაქტი ამოეწურება.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

0.122762