ჭიდაობა

22:26 | 3.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლეგ იაძე: “სპორტსმენებს დარბაზისკენ გახედვა აღარ უნდათ”

“დეკემბერში საქართველოს სამბოს ფედერაციაში ახალი რიგგარეშე ყრილობა ჩატარდება და სამართლიანობა აღდგება” – განაცხადა დღეს ოლეგ იაძემ სპორტსაზოგადოება “დინამოს” ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს სამბისტთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ფედერაციის ექსვიცეპრეზიდენტმა ოთხი დღის წინ ჩატარებული რიგგარეშე ყრილობის შესახებ ისაუბრა.
“ქართულ სამბოში კიდევ ერთი ფარსი მოხდა. ეს ნალოლიავები და წვალებით აშენებული საქმე მორიგ სიბინძურეში გაეხვა. თემურ გიორგაძემ 7-თვიანი პრეზიდენტობის შემდეგ გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. უფრო ზუსტად, აიძულეს ეს გაეკეთებინა და ახალი დანიშვნა განახორციელეს. დიახ, ეს იყო დანიშვნა და არა არჩევნები, თუმცა ერთი საიმედო რამ მაინც მოხდა. ფედერაციის ახალი პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი თავისი საქმის პროფესიონალია. სამართლიანი, სპორტსმენი კაცია და იმედია გუნდს ამ დამთრგუნველი სიტუაციიდან გამოიყვანს. მე კი მართალია ოფიციალურად ქართულ სამბოს ჩამოცილებული ვარ, მაგრამ რეალურად არსად წავსულვარ. დეკემბერში ახალი ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და საყვარელ საქმეს დავუბრუნდები” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
ნაკრების ყოფილი თავკაცი ბოლო ყრილობისას ვაკის “ფალავანთა კლუბთან” მივიდა, მაგრამ დარბაზში აღარ გამოჩენილა. როგორც თავად თქვა, წინასწარი გეგმით მართლაც აპირებდა ყრილობაზე შესვლას და სიტყვით გამოსვლას, მაგრამ დაცვის სამსახურმა შენობაში შეღწევის უფლება არ მისცა.
“მაინც შევიდოდი, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებდი და დიდი უპირატესობითაც მოვიგებდი, მაგრამ სიტუაცია შეგნებულად არ დავძაბე, რადგან ამით სამბოში მოტრიალე ბევრ პატიოსან სპეციალისტს შევუქმნიდი პრობლემას. ჩემდამი თანაგრძნობის გამო მათაც შეავიწროვებდნენ. ამ ეტაპზე ისიც საკმარისია, რასაც მე მიკეთებენ. ჩემს აშენებულ დარბაზში ბავშვების ვარჯიშის უფლებას არაფრით არ მაძლევენ. მართალია ქართულ სამბოში ოფიციალურად უფუნქციოდ ვარ, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე მაინც რეგულარულად დავდივარ. ცხადია, ჩემი ხარჯით. მას შემდეგ, რაც საქმეს ჩამომაცილეს, ჩემი დაფინანსებაც აიკრძალა. უკვე რამდენიმე კომპანიაში მითხრეს, რომ ვეღარ დამეხმარებიან. ჩემს შვილსაც, რომელიც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია, არანაირი ხელშეწყობა არ აქვს. შიდა სიტუაცია ისე აირია და დაბინძურდა, რომ სპორტსმენებს დარბაზისკენ გახედვა აღარ უნდათ. ბიჭებს თავი შეაზიზღეს. არაერთი ძლიერი სამბისტი თავის სოფელში დაბრუნდა სავარჯიშოდ. მინდია ბოდაველი სულაც უცხოეთში წავიდა. ევროპის სამბოს ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი ვარ. ახლახან ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატადაც წარმადგინეს და 17 მაისს ჩასატარებელ ყრილობაზე შეიძლება არჩევანი ჩემზე შეაჩერონ. საქართველოს სამბოს ფედერაციაში კი დელეგატადაც არ მიმიწვიეს. თუმცა ვაღიარებ, ბოლო ორ თვეში ფედერაციაში დაბრუნება არაოფიციალურად ორჯერ შემომთავაზეს. საკმაოდ ცნობილმა პარლამენტარებმა მთხოვეს, ოღონდ პოლიტიკას ჩამოვცილებოდი და სამბოს ფედერაციის ბოლო ყრილობაზე ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მოვისურვებდი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. პოლიტიკაში წასვლის იძულებითი გადაწყვეტილება ხომ სწორედ ამ უსამართლობის გამო მივიღე” – დასძინა იაძემ.

0.117967