ფეხბურთი

21:12 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ოლბორგის" მწვრთნელი: "შანსი მცირეა, მაგრამ გამოყენებას ვეცდებით"

25 ივლისს, თბილისის დროით 22:15 საათზე ოლბორგის "ნორდისკ არენაზე" "ოლბორგი"_"დილა" დაიწყება. როგორც იცით, ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გიორგი დევდარიანის გუნდმა 3:0 იმარჯვა და მეტოქე მძიმე მდგომარეობაში ჰყავს. ეს კარგად ესმის "ოლბორგის" მწვრთნელ კენტ ნილსენსაც:

"დანიის ჩემპიონატში "კოპენჰაგენს" მოვუგეთ (2:1), რამაც განწყობა აგვიმაღლა. ეს აბსოლუტურად განსხვავებული თამაში იყო იმისგან, რაც საქართველოში ვაჩვენეთ. ვიცით, რომ "დილას" გავლის შანსი მცირეა, მაგრამ მის გამოყენებას ვეცდებით. თუ აგრესიულად შევუტევთ და თამაშის ხარისხიც სასურველი გვექნება, შესაძლოა, მიზანს მივაღწიოთ. მატჩს მოუთმენლად ველით და ვეცდებით, სიურპრიზი შევთავაზოთ გულშემატკივარს".

ლას ნილსენი ("ოლბორგის" მცველი): "გვჯერა, რომ შანსი გვექნება. რთული მისიაა შეასრულებელი, რადგან 0:3-ის აღმოფხვრა იშვიათად ხდება, მაგრამ ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, შევინახავთ თუ არა კარს მშრალად. შეტევაში დიდი ძალებით უნდა წავიდეთ და 90 წუთის განმავლობაში გოლიც არ უნდა გავუშვათ".

ცნობისთვის, "ოლბორგს" კვლავ დააკლდებიან ნახევარმცველი აუგუსტინუსენი და მცველი პედერსენი. ლიტველი ფორვარდი ლუკაშ სპალვისი კი 19-წლამდელთა ნაკრებს ახლავს ევროპის ჩემპიონატზე.

აქვე გეტყვით, რომ "ოლბორგი"_დილას" პოლონელები იმსაჯებენ. მთავარი მსაჯი რობერტ მალეკი იქნება.


0.120698