ინგლისური ”ვულვზის” ფეხბურთელი ჯეიმი ოჰარა ნამდვილად არ არის განებივრებული ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნით და არც ისეთი ცნობილი ფეხბურთელია, რომ მასთან ინტერვიუები პრესაში გამუდმებით იბეჭდებოდეს. მაგრამ, ბოლო ერთი თვეა, მთელი ბრიტანეთი ამ ფეხბურთელზე და მის საცოლეზე, ინგლისელ მოდელ დენიელ ლოიდზე ჭორაობს. ამჟამად დენიელ ლოიდი ფეხბურთელისგან ბავშვს ელოდება - დაახლოებით ერთ თვეში პატარა ოჰარაც გაჩნდება და ამ უცნაურმა ქალბატონმა იმის ნაცვლად, რომ ბავშვზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქროს, ჟურნალ “კლოსერთან“ დადებულ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
კონტრაქტის თანახმად, ორსულობის მიუხედავად, მოდელმა ახალ ფოტოგადაღებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და რაც პურიტან ინგლისელებს ყველაზე მეტად აშფოთებთ, ისაა, რომ ამ ფოტოების დიდი ნაწილი ეროტიული ხასიათისა იქნება. რამდენად სექსუალური შეიძლება იყოს 8 თვის ფეხმძიმე ქალი, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, მაგრამ ოჰარას მომავალი შვილის დედა მთლად მოსაწონად რომ ვერ იქცევა, ამაზე ინგლისში ბევრი თანხმდება.
უნდა ითქვას, რომ ჟურნალი ”კლოსერი” მაინცდამაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს. წელიწადი არ ჩაივლის ისე, რომ ჟურნალის მესვეურები რაიმე დიდ სკანდალში არ გაიხლართონ და რაც მთავარია, ამ სკანდალების შემოქმედნი, როგორც წესი, თავად ჟურნალისტები არიან. ბრიტანელების ერთ ნაწილს მართლაც რომ ძალიან აინტერესებს და უყვარს ე.წ. “ყვითელი ჟურნალების“ ფურცვლა, მაგრამ “კლოსერი“ ამ ჟანრშიც კი განსაკუთრებულად “ყვითელი“ და უცნაურია.