26 მარტს, თბილისში გამართულ ევროშესარჩევ მატჩში, კიევის “დინამოს” ხორვატ ლეგიონერ ოგნიენ ვუკოევიჩს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე საყრდენმა ნახევარმცველმა, კიევის “დინამოს” საიტთან ინტერვიუში საქართველო-ხორვატიის შეხვედრაზე ისაუბრა:
- რა განწყობით დაბრუნდით ნაკრებიდან?
- შედეგებს დიდად არ გავუხარებივარ. 29 მარტს, საფრანგეთთან სტუმრად ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოსთან წავაგეთ. ეს არ უნდა მომხდარიყო. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო ბოლო წუთებზე დასანანი გოლი გავუშვით.
- “დინამოს” ქომაგებს გაუკვირდათ, რომ სლავენ ბილიჩმა თბილისურ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დაგტოვათ...
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რადგამ ბილიჩის გადაწყვეტილება იყო. ბევრი მეკითხებოდა ამ საკითხზე, მაგრამ რა ვუპასუხო? მართალია, არ მითამაშია, მაგრამ წაგება გულთან ახლოს მივიტანე. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ქულები უნდა აგვეღო.
- იცოდით, რომ საქართველოს ნაკრების განაცხადში კიევის “დინამოს” ყოფილი ოთხი ფეხბურთელი იყო? კახა კალაძე, ოთარ მარცვალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი და კახა ალადაშვილი.
- სიმართლე გითხრათ, ყველა მათგანს არ ვიცნობ. ვიცი მხოლოდ კალაძე. კიდევ, მალხაზ ასათიანთან ერთად მითამაშია, მაგრამ ის ჩვენთან შეხვედრისთვის ნაკრებში გამოძახებული არ გახლდათ.
- საფრანგეთთან (0:0) გაცილებით დამაჯერებლად ითამაშეთ...
- დიახ, კარგად გამოვიყურებოდით. მატჩამდე კრება გვქონდა და ერთმანეთს ვუთხარით, რომ არ უნდა მოვდუნებულიყავით. ჩვენი მაქსიმუმი უნდა გამოგვევლინა. საფრანგეთსაც არ უთამაშია ცუდად, ყველაფერი სცადა. ფრანგები აღმავლობას განიცდიან, თებერვალში შემთხვევით არ მოუგიათ ბრაზილიასთან. ვფიქრობ, პარიზში გამართულმა თამაშმა აჩვენა, რომ საქართველოში შემთხვევით წავაგეთ.
ილია ნანობაშვილი