თბილისის სპორტის სასახლემ 2013 წელს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს რომ უნდა უმასპინძლოს, უკვე გადაწყვეტილი ამბავი გვეგონა. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ, ეს სასიხარულო ინფორმაცია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამაც დაადასტურა.
სექტემბერში, სტამბოლში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატს წინ ფილას კონგრესი უძღვოდა და მასზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ დამსწრეთ სპეციალური კლიპი შესთავაზა, რათა დაერწმუნებინა, რამდენად მიმზიდველია ჩვენი დედაქალაქი და მთლიანად ქვეყანა უცხოელი ტურისტებისთვის. ვიდეოპრეზენტაციამ მოწონება დაიმსახურა, ქართული ტელეარხებისთვის გაკეთებულ კომენტარში კი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ აღნიშნა – ცხადია, სხვა ქვეყნებსაც სურდათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, მაგრამ ამ კონგრესზე გადაწყდა, რომ ერთადერთი კანდიდატი თბილისი იქნებაო.
ფედერაციის ხელმძღვანელობა ახლაც დარწმუნებულია, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაცია ჯერ მხოლოდ არაოფიციალური დაპირებებით გვაიმედებს. საკითხისთვის წერტილის დასმას ოფიციალური დასტური აკლია.
"საქართველო ჭიდაობის ტრადიციული ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს. თუმცა უნდა ითქვას, რომ თქვენს ქვეყანას სეროზული კონკურენტები ჰყავს, მაგალითად ბულგარეთი, უნგრეთი, უკრაინა. მთლიანობაში 8 ქვეყანაა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა უნდა გაირკვეს. ვნახოთ, საერთაშორისო ფედერაცია ყველა კანდიდატ ქვეყანას შეაფასებს და მასპინძლობის უფლებას საუკეთესოს არგუნებს" – განაცხადა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატმა, უზბეკმა ახროლჯან რუზიევმა 23 დეკემბერს, სპორტის სასახლეში სტუმრობისას.
უზბეკი საპატიო სტუმარი თბილისში აქაური პირობების შესასწავლად ჩამოვიდა და სპორტის სასახლის გარდა ის სასტუმროებიც მოინახულა, სადაც სპორტსმენებმა და მსაჯებმა უნდა იცხოვრონ.
ოპტიმისტური ქართული განწყობა უკვე ვახსენეთ, ოფიციალურად კი კახა გეწაძემ ამჯერად გაცილებით მოკრძალებული კომენტარი გააკეთა, ვიდრე სექტემბერში.
"რუზიევმა დაათვალიერა სასტუმროები „თბილისი მერიოტი", „ჰოლიდეი ინი”, „ბაზალეთი". შეაფასებს სპორტის სასახლესაც და იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის სასურველ დასკვნას დადებს, რაც იმის წინაპირობა გახდება, რომ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს".
ოთარ მაღლაკელიძე