გადავა, თუ არა გიორგი მერებაშვილი თბილისის “დინამოში”? ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა გადაწყვეტილი, რომ 25 წლის შემტევი ნოვი სადის “ვოივოდინაში” აღარ გააგრძელებს თამაშს. უახლოეს დღეებში (დიდი შანსია, პარასკევსვე) საბოლოოდ გაირკვევა მისი კლუბის ვინაობა. რა სტადიაშია ტრანსფერის საკითხი, ამას თავად მერებაშვილზე უკეთ ვერავინ გვეტყვის. “მსოფლიო სპორტი” გიორგის დაუკავშირდა, რომელიც თბილისშია. რა თქმა უნდა, საუბარი არა მარტო სატრანსფეროს, არამედ სხვა თემებსაც შეეხო.
- ჯერ არსად გადავსულვარ. სერიოზული დაინტერესებაა “დინამოდან” და ლვოვის “კარპატიდან”. ამ ეტაპზე იმას გეტყვით, რომ “ვოივოდინაში” დარჩენა გამორიცხულია. მათ ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზეს, თუმცა უარი ვთქვი. ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაქვს.
- სერბულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვით, რომ “ვოივოდინა” მოგწონთ და მთლიანობაში, სერბეთში თავს შინაურულად გრძნობთ. და რატომ გსურთ კლუბის შეცვლა?
- ასეა. ნოვი სადს შევეჩვიე, მართლაც კარგი ქალაქია საცხოვრებლად და იქ მეგობრებიც გავიჩინე. თუმცა, არის სხვა მომენტებიც. გარდა ფინანსური მხარისა, უფრო მაღალ დონეზე მსურს თამაში. “ვოივოდინა” მართლაც კარგი გუნდია და ხარისხით არ ვიწუნებ, მაგრამ რაც არ უნდა აჯობო ურთიერთშეხვედრებში “პარტიზანსა” და “ცრვენა ზვეზდას”, ჩემპიონობა გამორიცხულია. “ვოივოდინას” სერიოზულად “ურტყამენ” ფედერაციიდან და შესაბამისად, მსაჯების მხრიდანაც. ბელგრადის გუნდებს ეხმარებიან. მარტო შარშანდელი თასის ფინალი რად ღირს - “პარტიზანთან” რა მსაჯობაც იყო, ასეთი არც ტელევიზორში მინახავს და არც ინტერნეტში. ექვს მომენტში მიიღო გადაწყვეტილება “პარტიზანის” სასარგებლოდ. არადა, უნდა მოგვეგო. ასეთი სხვა თამაშებიც იყო. “ვოივოდინას” ხელმძღვანელობაც შეგუებულია, რომ რაც არ უნდა მოინდომოს, ჩემპიონობა წარმოუდგენელია. ამიტომაცაა, კლუბს ასეთი პოლიტიკა აქვს: ფეხბურთელის აღზრდა, ან იაფად შეძენა, მერე კი ძვირად გაყიდვა. არც ევროტურნირებზე კარგად გამოსვლის პრეტენზია აქვთ.
- და რატომ ჰყავთ “ვოივოდინა” ასე დაჩაგრული? სხვა ქვეყნების დედაქალაქებსაც ჰყავთ კლუბები... პოლიტიკური სარჩულია?
- როგორც ვიცი, პოლიტიკის ამბავიცაა. ნოვი სადი ცალკე რეგიონია. თანაც, “ვოივოდინას” პრეზიდენტი ჩერნოგორიელია.
- მესამე ადგილი კი, თითქმის გარანტირებული გაქვთ.
- მეორეზეც გასულა “ვოივოდინა”, მაგრამ ჩემპიონობამდე არავინ მიუშვებს. აი, მაგალითად, ამ სეზონში “ცრვენა ზვეზდას” სტუმრად მოვუგეთ, ახლა ჩვენს შორის ორი ქულაა სხვაობა, მაგრამ “პარტიზანი” იმდენად წინაა, ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება. ამ შემთხვევაში, შეიძლება “ვოივოდინა” გავიდეს მეორეზე. ანუ, შეიძლება მაშინ, როცა პირველზე გასვლის შანსი აღარ აქვს.
- გასაგებია. ახლა “ვოივოდინას” გადასაწყვეტია, რომელ კლუბში გადახვალთ?
- დიახ, თუმცა როგორც ვიცი, “დინამომ” და “კარპატიმ” დაახლოებით ერთი და იგივე პირობები თქვეს. შესაძლოა, “კარპატიმ” შედარებით მეტი, მაგრამ დიდი განსხვავება არაა.
- თქვენ სად გირჩევნიათ?
- “დინამო” ჩემი ოჯახია და კლუბზე მეტს ნიშნავს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ უკრაინის ჩემპიონატი საქართველოსას სჯობს. იქ 5-6 ისეთი გუნდია, ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალად რომ ჩაითვლება. ასე რომ, ძნელი გადასაწყვეტია.
- როდის გადაწყვეტთ?
- მაქსიმუმ, ორ-სამ დღეში გაირკვევა. ახლა, მთლიანად აღდგენით პროცესზე ვარ გადართული, ზოგჯერ ტელეფონის ზარებსაც არ ვპასუხობ. დრო მომეცემა მოსაფიქრებლად.
- სერბეთში მოგიწევთ ჩასვლა?
- შესაძლოა, ეს იმიტომ, რომ მეგობრებს დავემშვიდობო.
- თქვენი თანაგუნდელი მედოევიჩი ახლახანს გერმანულ “ვოლფსბურგში” გადავიდა. როგორც წამიკითხავს, მედოევიჩზე ნაკლები პრესა არ გაქვთ და თქვენ რატომ ვერ გადადიხართ ასეთი დონის გუნდში?
- წარმოიდგინეთ, სერბეთის მეშვიდე-მერვე ადგილზე მყოფი გუნდებიდან გადასულან ფეხბურთელები ჰოლანდიისა თუ ბელგიის საშუალო კლუბებში. როგორც შევატყვე, სერბეთში ლეგიონერები იმიტომ ჩაჰყავთ, რომ ჩემპიონატის დონესთან ერთად, ადგილობრივების დონე აამაღლონ. ამით საქმეს ვუკეთებთ. უცხოელებს სერბებზე ბევრად კარგი პრესა გვაქვს, მაგრამ საქმე ტრანსფერზე რომ მიდგება, უცხოელს არ სწყალობენ.
- ანუ, სერბებს შედარებით იაფად ჰყიდიან?
- დიახ. მედოევიჩი კარგი ფეხბურთელია, სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, მაგრამ ლეგიონერი რომ ყოფილიყო, იმხელა ფასს დაადებდნენ, “ვოლფსბურგი” უკან დაიხევდა. უცხოელების სარფიანად გაყიდვა სურთ.
- “კარპატისა” და “დინამოს” გარდა, შემოთავაზებები არ გქონიათ?
- იყო გერმანიიდან, ჰოლანდიიდან... კონკრეტულად თანხაზე რომ წავიდა საუბარი, “ვოივოდინამ” ძალიან ბევრი მოითხოვა. ასე ჩაიშალა რამდენიმე ტრანსფერი.
- ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ბოლოს სომხეთთან ითამაშეთ და მას შემდეგ აღარ გამოუძახებიხართ თემურ ქეცბაიას. რას იტყვით?
- ეტყობა, მწვრთნელი თვლის, რომ სათანადო დონეს ვერ ვაკმაყოფილებ. სხვა რა უნდა ვიფიქრო. თუმცა, კიდევ არის რაღაც, რაზეც ლაპარაკი არ მინდა.
ილია ნანობაშვილი