ფეხბურთი

21:10 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნულოვანი ფრე მეგრულ დერბიში

მეგრული გუნდების დაპირისპირებას სანახაობა და ინტრიგა არასოდეს აკლდა და მითუმეტეს დღევანდელი შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი ჰქონდა. თამაში ორივემ აქტიურად დაიწყო და პირველი წუთებიდანვე სტუმრებმა შეუტიეს. საპასუხო იერიშის შემდეგ მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და ეს გასაკვირი  არავისთვის  უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ზუგდიდელებს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე უკანდასახევი გზა არც ჰქონდათ. პირველი საგოლე მომენტი კი სწორედ მასპინძლებმა მე-7 წუთზე  შექმნეს. ფარჯიკიას მიერ მარჯვენა ფლანგიდან  შესრულებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ყველას ქვარცახავამ დაასწრო და თავური დარტყმით  ბურთი კარისკენ გადაგზავნა, თუმცა შეროზიამ ზუსტად ითამაშა.  ამ ეპიზოდს კი ზუგდიდელებმა უმალ მორიგი იერიშიც მიაყოლეს და ამჯერად კარისკენ ფარჯიკიამ დაარტყა, შეროზია კვლავ უშეცდომოდ გაისარჯა. ცოტა ხანში ირაკლი ეხვაია აღმოჩნდა  დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ზუგდიდელთა შემტევმა, კარში დარტყმის ნაცვლად რიგვავას მისამართით გააკეთა გადაცემა  და მას მცველებმა დაასწრეს. ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ  ამის შემდეგ ბურთი ძირითადად მაინც მოედნის ცენტრში მოძრაობდა, მარტვილელები  კი კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს, რასაც ისინი   მწვავე შეტევებითაც ასრულებდნენ. მიუხედავად ამისა სტუმრებს რეალური საგოლე მომენტი პირველ ტაიმში არც შეუქმნიათ, გარდა ერთი ეპიზოდისა, როცა სტუმართა ახალბედა შემტევი აკაკი შულაია შეხვედრის 27-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა მხრიდან გამორჩეული სწორედ შულაია იყო. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრები უსiამოვნებისგან ჯერ შეროზიამ იხსნა, როცა მან  ეხვაიას დარტყმული მოიგერია, ხოლო დამატებაზე სიტუაცია მცველებმა განმუხტეს. ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა კარისკენ ქათამაძემ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

 მეორე ტაიმი,როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა შეტევით დაიწყო. პირველივე წუთze პაჭკორიამ მარტვილელთა კარისკენ სახიფათოდ გაისროლა და ბურთი კარის ჩარჩოს მცირედით ააცილა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში უკვე გიორგი ხუბუამ დაარტყა ძლიერად, ბურთი კი ზემოდან გადაევლო მეტოქის კარს. 62-ე წუთზე ზუგდიდელებმა კარგი კომბინაცია გაათამაშეს და შეტევა ჩინებულად გააგრძელა რიგვავამ, მან გზად ორი მეურვე ჩამოიტოვა და მარჯვენა ფლანგიდან ეხვაიას მისამართით გამჭოლი გადაცემა გააკეთა, აქ კი დასწრებაზე ზუსტად ითამაშა მარტვილელთა კიპერმა და ბურთი ნახტომში მოიგერია.  რაც უფრო მცირდებოდა დრო, მასპინძლები მეტოქის ნახევარზე ზეწოლას აძლიერებდნენ, ხოლო ზუგდიდელთა დამრიგებელმა გიორგი დარასელიამ ეხვაიას, ახალბედა შემტევი გიორგი ბულია შეუწყვილა. ბულია ერთი წუთის შესული იყო მინდორზე, როცა რიგვავას გადაცემა კინაღამ გოლად აქცია, თუმცა მის თავურს, შეროზიამაც  ზუსტი რეაგირებით უპასუხა. შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძელთა ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთიანად ახმაურდნენ და მთავარ არბიტრს, ჯენერი ხორავას შემოსწყრნენ. მასპინძელთა შეტევა, გუნდის კაპიტანმა ზვიად სიხარულიამ გააგრძელა და  მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ის მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა ფარულავამ მაისურზე ხელით მოქაჩა და სიხარულიაც წაიქცა, არბიტრმა კი ეს მომენტი წესის დარღვევად არ მიიჩნია და თამაშის გაგრძელება ანიშნა. შედეგი კი საბოლოოდ უცვლელი დარჩა და გუნდები ერთმანეთს ნულოვანი ფრით დასცილდნენ.  ზუგდიდელთა დამრიგებლის გიორგი დარასელიას  დებიუტი  წარუმატებელი არ ყოფილა, თუმცა როგორც თავადაც საუბარში აღნიშნა, მდგომარეობიდან გამომდინარე სასურველი იყო თავის გუნდს მოეგო.

 

გიორგი დარასელია (“ზუგდიდი”): „წარმატებული დებიუტი მაშინ არის, როცა შენი გუნდი იგებს, მაგრამ ამის მიუხედავად, თამაშის სცენარიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ბიჭებს გარჯას ვერ დავუკარგავ. პირველ და მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობას აშკარად ვფლობდით, საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ დასკვნით ფაზაში, სამწუხაროდ ზუსტnი ვერ აღმოვჩნდით და დღევანდელ თამაშში მხოლოდ ქულას დავჯერდით. შემდეგ თამაშებში ორმაგად მობილიზება მოგვიწევს, რათა ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ“.

კახა ჩხეტიანი (“მერანი”):  „ზედიზედ  წარუმატებელი სერიის შემდეგ ჩვენთვის სტუმრად აღებული ქულა, ნამდვილად ურიგო შედეგი არაა. მართალია უპირატესობას  “ზუგდიდი” ფლობდა, მაგრამ ჩვენ ძირითადი ფეხბურთელების არყოფნის გამო, სხვა არჩევანი არც გვქონდა, უნდა დავლოდებოდით ჩვენთვის სასურველ მომენტს. ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ“.

 

ზუგდიდი - მერანი  0:0

ზუგდიდი, „განმუხური“. 30 ნოემბერი. 500 მაყურებელი 

ზუგდიდი: მამალაძე, რიგვავა, აფაქიძე, მირცხულავა, ქვარცხავა, კანკია, პაჭკორია, გ.ხუბუა, სიხარულია, ფარჯიკია ( ბულია 71 წთ), ეხვაია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ღონღაძე, გაბუნია, ფარულავა, გეგია, ქარქუზაშვილი (ქარდავა 53 წთ), კერძევაძე, ქათამაძე, ციკოლია (ფოცხვერაშვილი 73 წთ), შულაია (ციცხვაია 90+4 წთ)

 მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: ფარულავა (55 წთ), პაჭკორია (59 წთ)

 მსაჯი: ჯენერი ხორავა

 



  

0.159175