წლეულს, ნუკრი რევიშვილს ერთხელაც არ უთამაშია “კრასნოდარის” ძირითადში. საწყენია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ასე იგნორირებული ჰყავს მწვრთნელ სლავოლიუბ მუსლინს და დიდი ალბათობით, ნუკრი ამ ზაფხულს სხვა კლუბს მიაშურებს.
“მსოფლიო სპორტი” რევიშვილს დაუკავშირდა:
- თქვენი უთამაშებლობა გრძელდება. მიზეზი?
- არ ვიცი, რა გითხრათ. ჯერ ოთარ მარცვალაძეს აერია საქმე, მერე ალექსანდრე ამისულაშვილს, ბოლოს მეც. დასრულდება სეზონი და სადმე გადავალ. კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაქვს, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. თამაში მინდა.
- “კრასნოდარი” დიდ თანხას არ მოითხოვს?
- არა მგონია. ისე კი, პირიქით, გაუხარდებათ ჩემი გაყიდვა.
- მწვრთნელთან კონფლიქტი გქონდათ?
- არა, კონფლიქტს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ასე მიკეთებს. ახლა აქ ჩემთვის არავის სცალია. მეუბნებიან, სეზონის ბოლოს ყველაფერზე ვისაუბროთო. ორი ტური დარჩა, მოვიცდი და გადავალ იქ, სადაც თამაში მომიწევს.
- გაქვთ კონკრეტული ვარიანტები?
- ჯერ არა. ჩემს აგენტს, მამუკა ჯუღელს დავუკავშირდები.
- მართალია, რომ ზამთარში გორის “დილაში” გადადიოდით?
- დიახ. მანამდეც მქონდა ვარიანტები, მაგრამ არ გამიშვა “კრასნოდარმა”. ბოლოს, “დილაზეც” თანახმა ვიყავი, მაგრამ ესეც ჩაიშალა - არ გამიშვეს.
- ივნისში ირლანდიასთან და დანიასთან მატჩებია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს?
- ჯერ არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ახლა ისეთ დღეში ვარ, ნაკრებში რომც არ გამომიძახონ, გული არ დამწყდება. ამდენი ხანია არ მითამაშია, მხოლოდ ვვარჯიშობ.