რა დრო დადგა - საქართველოს ნაკრებს მეკარის პრობლემა აღარ აქვს. გულშემატკივრები შიშისგან გაფართოებული თვალებით აღარ უყურებენ შორიდან დარტყმებსა თუ ჩაწოდებებს, რადგან “ჯვაროსნებს” ჰყავთ გოლკიპერი, რომელიც თავდაჯერებულია. თემურ ქეცბაიამ თქვა, ბოლო მატჩები გიორგი ლორიამაც კარგად ჩაატარაო, მაგრამ კარი მაინც უფრო გამოცდილ ნუკრი რევიშვილს ანდო – არც შემცდარა, “ანჟის” მეკარე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბალკანელებთან შეხვედრაში.
ნუკრის მიმდინარე ევროშესარჩევში, ხუთ მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული და თანაც, შინ მესამე “მშრალი” თამაში ჩაატარა.
“მსოფლიო სპორტი” რევიშვილს ესაუბრა:
- ჯერ ის გვითხარით, რა გრძნობა გქონდათ თამაშის დასრულების შემდეგ?
- ეს იყო უდიდესი სიხარული, რაც ფეხბურთისგან მიმიღია. ასეთი ნამდვილად არ ყოფილა... გულშემატკივარი გავახარეთ. ხორვატიის ნაკრების დამარცხება გრანდებსაც უჭირთ.
- ყველაზე რთული ასაღები ბურთი რომელი იყო?
- მე-2 ტაიმის შუაში, კრანჩარმა რომ დამირტყა ახლო კუთხეში. დაბალი ტრაექტორიის ბურთი იყო და კუთხურზე მოვიგერიე. ყველაზე ძნელი ეგ მომენტი იყო.
- ბოლო წუთზე, პრანიჩმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაარტყა, ბურთი ვერ შეიმაგრეთ და ფეხით კუთხურზე გადააგდეთ...
- რომ გამეშვა, არ ვიცი... ალბათ, ჩემს თავს არ ვაპატიებდი. ზუსტად ასეთი სიტუაცია ერთხელ მქონდა რუსეთის პრემიერლიგაში თამაშისას, გამივარდა ბურთი და ხელმეორედ ვცადე დაჭერა, მაგრამ თავდამსხმელმა დამასწრო და გაიტანა. იმ დროს, როცა პრანიჩის დარტყმული გამივარდა, წამის მეასედებში სწორედ ის გაშვებული გამახსენდა, ამიტომაც, ბურთის დაჭერა არ გავრისკე და კუთხურზე ფეხით გადავაგდე.
- ხორვატი ფეხბურთელებიდან ყველაზე სახიფათო ვინ იყო?
- სრნა ძალიან აქტიური იყო, დაცვიდან შეტევაზე უცებ გადმოდიოდა, ბევრს დარბოდა და სახიფათოდ აწოდებდა. მოდრიჩსა და კალინიჩსაც გამოვყოფდი. თუმცა, მადლობა ჩვენს მცველებს - ძალიან მაგრად ითამაშეს.
- ისე, დავაკვირდით, მე-2 ტაიმში, სანამ გოლი გავიდოდა, ბურთის მომწოდებელ ბავშვებს ანიშნებდით, ნუ ჩქარობთ, ნელა მომაწოდეთ ბურთიო...
- დიახ, ასე იყო. ხორვატია ბევრს გვიტევდა და ბიჭებს უნდა ამოესუნთქათ. ყველა ხედავდა, უპირატესობა ხორვატებისა იყო და სხვაგვარად ვერც ვითამაშებდით. ძლიერი მეტოქე იყო, ნახევარდაცვაში სულ შემქმნელები ჰყავდა და შეტევაზე რომ წავსულიყავით, შესაძლოა, ცუდად დამთავრებულიყო ყველაფერი. ანუ, თამაში ისე მიმდინარეობდა, ფრეზე თანახმა ვიყავით, მაგრამ საბედნიეროდ, ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ. ღმერთმა გადმოგვხედა და მონდომება დაგვიფასდა.
- წინ ისრაელთან მატჩია. როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის...
- ვფიქრობ, ქულაც რომ ავიღოთ, კარგი შედეგი იქნება. მაინც გასვლითი მატჩია. თუმცა, რა თქმა უნდა, მოგებასაც შევეცდებით.
- რამდენად იქნება დაღლილობის მომენტი? სამ დღეში თამაში მაინც რთულია.
- კარგი იქნებოდა, 4 დღე ყოფილიყო ინტერვალი. ისრაელსაც თამაში ჰქონდა და მათთვისაც ცოტა რთული იქნება. ეგაა, ჩვენ უფრო მძიმე მატჩი გვქონდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი განწყობით მივდივართ, დაწყებული საქმე უნდა განვაგრძოთ.
ილია ნანობაშვილი