მაჰაჩყალის “ანჟი” ომარ თეთრაძემ ისე დატოვა, რომ პოსტიდან გადადგომის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან დაღესტნელები პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში სწორედ მან გადაიყვანა და სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი გუნდმა 40 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გაიარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება “ანჟიში” ქართველი ფეხბურთელების მოზღვავება. ერთ-ერთ მათგანს, მეკარე ნუკრი რევიშვილს “მსოფლიო სპორტი” გუშინ დაუკავშირდა.
- ომარ თეთრაძემ “ანჟის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა?
- თეთრაძე დღეს ოფიციალურად დაგვემშვიდობა და წარმატება გვისურვა.
- თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია?
- მიზეზი არ უთქვამს. შესაძლოა, მანამდეც უნდოდა წასვლა, თორემ პირველი ტურის შემდეგ არავინ გაუშვებდა.
- ის კლუბის ხელმძღვანელობამ დაითხოვა თუ წასვლა თავად გადაწყვიტა?
- როგორც შევიტყვეთ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო.
- “ანჟის” სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი თუ დარჩა კლუბში?
- ჯუღელი სპორტულ დირექტორად მუშაობას განაგრძობს.
- თეთრაძის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ვინ დანიშნეს?
- გაჯი გაჯიევი, რომელიც პირველ ვარჯიშს ხუთშაბათს (დღეს - ლ.თ.) ჩაატარებს.
- “ანჟიში” მისვლამდე თეთრაძე სამარას “კრილის სოვეტოვში” სწორედ გაჯიევის თანაშემწე იყო. ხომ არაა მოსალოდნელი მან მაჰაჩყალაშიც მეორე მწვრთნელად გააგრძელოს მუშაობა?
- არა მგონია, თეთრაძე მეორე მწვრთნელად დარჩეს.
- მაჰაჩყალაში ექვსივე ქართველი ფეხბურთელი ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიყვანილი ხართ და მისი წასვლის შემდეგ პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ?
- ძირითად გუნდში სულ 18 ფეხბურთელია და ექვსივე რომ წავიდეთ, ვინ ითამაშებს? კარგი იქნებოდა თეთრაძე დარჩენილიყო, რადგან სამი თვე გვამზადებდა და გუნდის შიდა საქმეები კარგად იცოდა. თუმცა, ახალი მწვრთნელის ხელში იგივე უნდა გავაკეთოთ, რასაც თეთრაძის დარჩენის შემთხვევაში გავაკეთებდით.
- თეთრაძის მწვრთნელობისას ქართველი ფეხბურთელები “ანჟიში” წამყვან როლებზე იყვნენ. როგორ ფიქრობთ გაჯიევის შემთხვევაშიც იგივე გაგრძელდება?
- თუთუგაჯიევს ქართველ ფეხბურთელებთან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და იგივე კვირკველია, ხოჯავა და ბარაბაძე, რომლებმაც პირველი მატჩი “ძირითადში” ჩაატარეს, არა მგონია მოსვლისთანავე სათადარიგოებში დასვას. ჩემი აზრით, ვინც დაიმსახურებს, თამაშის საშუალებას მას მისცემს.
- ყაზანის “რუბინიდან” “ანჟიში” იმიტომ გადახვედით, რომ ყოფილ კლუბში თამაშის საშუალება არ გეძლეოდათ. თუმცა, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ნალჩიკის “სპარტაკის” წინააღმდეგ ისევ სათადარიგოებში იყავით...
- ყაზანში დარჩენის შემთხვევაში თამაშის შანსი საერთოდ არ მექნებოდა. “ანჟი” “რუბინი” არაა, რომ თამაში თამაშზე მოიგოს და “ძირითადში” საერთოდ არ დამაყენონ. მით უმეტეს, მე და აბაევი თანაბარი ძალის მეკარეები ვართ. უბრალოდ, გასულ სეზონში მან შეუცვლელად ითამაშა და გუნდს პრემიერლიგაში გადასვლაში დაეხმარა. ამიტომ, პირველივე ტურში მისი “ძირითადში” არგამოყვანა არ გამოდიოდა.
- ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში იყავით გამოძახებული, მაგრამ თბილისში ვერ ჩამოხვედით. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაშინ განაცხადა, რომ სავიზო პრობლემა შეგექმნათ...
- იმ პერიოდში რუსეთში ლეგიონერების შესახებ კანონის შემოღებას აპირებდნენ და ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობა იყო, ამიტომ, ქეცბაიას ვესაუბრე და ვამჯობინე “ანჟისთან” ერთად შეკრებაზე დავრჩენილიყავი. თუმცა, ამ კანონის მიღება მომავალი წლისთვის გადადეს და თუ ნაკრებში კიდევ გამომიძახებენ, ჩამოსვლის მხრივ პრობლემა აღარ შემექმნება.
- რუსეთის მოქალაქის პასპორტი გაქვთ და ამის გამო, ნაკრებში თამაშის მხრივ პრობლემა ხომ არ შეგექმნებათ?
- მართალია, ქართული პასპორტი ჯერ არ ამიღია, მაგრამ ეს პრობლემა არაა. ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში ნაკრებში თამაშს შევძლებ. მთავარია, გამომიძახონ.
ლაშა თაბაგარი