ინტერვიუები

10:52 | 25.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი მანჩხავა: "კაუნასში" ცუდად რომ მომეპყრნენ, მას შემდეგ დავითარსე"

ნუკრი მანჩხავა ამჟამად უკლუბოდაა, მენისკი აქვს დაზიანებული და ამის გამო იყო, რომ ბელარუსულ სოლიგორსკის “შახტიორთან” კონტრაქტი ვერ გააფორმა. 28 წლის მარცხენა მცველი 2005 წელს თბილისის “ლოკომოტივიდან” ლიტვის “კაუნასში” რომ წავიდა, მალევე, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ბალტიისპირეთში ლამის ყველაფერი მოიგო, შარშანწინ კი, მისმა გუნდმა უეფას თასის მოქმედი ფინალისტი, “გლაზგო რეინჯერსი” “დაიფრინა” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან.
თუმცა, მას შემდეგ “კაუნასი”, ფინანსური უსახსრობის გამო, ლიტვის მე-3 ლიგაში დააქვეითეს, მანჩხავასაც საშინლად მოექცნენ და ამ ყველაფერზე თვითონ ფეხბურთელი უყვება “მსოფლიო სპორტს”:
- როგორც ვიცით, ტრავმირებული ხარ. კერძოდ, რა სახის დაზიანება გაქვს?
- თბილისში დავდივარ ექიმთან. სოლიგორსკის “შახტიორში” 10 დღის წინათ ჩავედი გასინჯვაზე და ორ დღეში ვარჯიშზე ფეხში ისეთი ჩამარტყეს, ძლივს ავდექი. გასინჯვაც არ ერქვა, დღე-დღეზე კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, მაგრამ ასე დამემართა. მენისკი მაქვს ორივე მხარეს დაზიანებული, მაგრამ საბედნიეროდ, ოპერაცია არ დამჭირდება. ნემსები უნდა გავიკეთო და მითხრეს, ორ კვირაში შეძლებ ვარჯიშის დაწყებასო.
- ამჟამად თავისუფალი აგენტი ხარ?
- დიახ. გასული სეზონი, ბელარუსის ჟოდინოს “ტორპედოში” ჩავატარე. ამ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი დამიმთავრდა.
- რატომ არ გააგრძელე?
- 5 თვის ხელფასი დღემდე მოსაცემი აქვთ და მასეთ კლუბში როგორ დავრჩებოდი.
- ისე, “კაუნასში” კარგი სეზონები გქონდა, ჟოდინოს “ტორპედოში” კი თამაში ვერ აგეწყო. რატომ?
- თვითონ გუნდი არ იყო იმ დონის... სად “კაუნასი” და სად ჟოდინოს “ტორპედო”. ლიტვაში სულ სხვა მიზნები გვქონდა.
- თავის დროზე “კაუნასიდან” რატომ წახვედი? გასაგებია, რომ ახლა “კაუნასი” მე-3 ლიგაშია, მაგრამ როცა შენ წამოხვედი, მაშინ ხომ ძლიერი გუნდი იყო...
- “კაუნასში” რაც გამიკეთეს, რომელი ფეხბურთელი გაჩერდებოდა... 2008 წლის სექტემბერში “კაუნასთან” კონტრაქტი გავაგრძელე (გაუმჯობესებული პირობებით), რადგან სამ თვეში ხელშეკრულება მიმ-თავრდებოდა. კონტრაქტს ხელი მოვაწერე და კლუბის საიტზეც დაიწერა ეს ინფორმაცია, მაგრამ ხელშეკრულება არ დაარეგისტრირეს. როდესაც დრო გავიდა, უკვე ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ რაღაცას მატყუებდნენ. ფაქტია, მოვიდა იანვარი, თებერვალი და გაუმჯობესებულ ხელფასს ვერ ვიღებდი. კლუბში მეუბნებოდნენ, ახლა მოგცემთ ხელფასს, ახლა მოგცემთო და დროს წელავდნენ. ლიტვის ფეხბურთის ფედერაციაში მივედი, მაინტერესებდა, რაში იყო საქმე და იქ გავიგე, რომ ჩემი ხელშეკრულება დარეგისტრირებული არ იყო. გავწყვიტე ყოველგვარი შეთანხმება და წამოვედი.
- კი მაგრამ, ეს ყველაფერი უხმაუროდ დატოვე?
- იურიდიულად ვერაფერს ვიზამდი. უკადრებელი იკადრეს, ისეთი რამ გააკეთეს, რაც უბრალოდ, წარმოუდგენელია. “კაუნასის” მფლობელი, ვლადიმირ რომანოვი საქმის კურსში არ იყო და როგორც გავიგე, არც მისმა პარტნიორმა, “კაუნასის” მეორე კაცმა იცოდა რამე – ისინი ამგვარ საქმეებში არ ერეოდნენ. სპორტული დირექტორის კისერზე იყო, რაც  მოხდა. რომანოვის პარტნიორმა შემომთავაზა, პირადად ჩემთან გააფორმე კონტრაქტი და არ ინანებო. არ დავთანხმდი – მე აქ უკვე არავის სახის დანახვა არ მინდა-მეთქი. მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი - ასე არ უნდა ექნათ, 4 წელიწადი ვიყავი “კაუნასში”, აქ ჩემი სახლი იყო და ლიტვური ქართულივით ვისწავლე-მეთქი.  
- ჟოდინოს “ტორპედოზე” უკეთესი ვარიანტი არ გქონდა?
- ეს რაც მოვყევი, შარშან თებერვალში მოხდა. მერე საქმეების გარკვევამ წაიღო დრო და კლუბის ძებნა დაგვიანებული გამოვიდა. მანამდე, რამდენიმე გუნდს სურდა ჩემი გადაყვანა, მაგრამ თებერვლის ბოლოს ყველა დაკომპლექტდა. დრო აღარ იყო, ჰაერში ვრჩებოდი, ამ დროს გამოჩნდა ჟოდინოს “ტორპედოს” ვარიანტი და უარს ვერ ვიტყოდი.
- ახლა ტრავმას რომ მოირჩენ, რას აპირებ?
- ჯერ არ ვიცი. ჩემი მენეჯერი პოლონეთის ექსტრაკლასის გუნდზე მუშაობდა და როცა სოლიგორსკში ჩავედი, მაშინაც მუდმივად მეკონტაქტებოდა. ახლაც არაა გამორიცხული პოლონეთის ვარიანტი. რაც მთავარია, გული არ გამიტეხია. ამ ბოლო დროს ძალიან კი დავითარსე, მაგრამ სულ ასე ხომ არ გაგრძელდება – ცუდს კარგიც მოჰყვება.
- ქართული კლუბებიდან არავინ შეგხმიანებია?
- კონკრეტული ჯერ არაფერია.

ილია ნანობაშვილი
 

0.119034