ჭიდაობა

0:39 | 19.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ სხირელი: ხინჩეგაშვილსა და მარსაგიშვილს ახალგაზრდულშიც აუცილებლად გამოვიყენებთ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები ახალ სეზონს ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატით ხსნიან. 19-20 თებერვალს, ბათუმის სპორტკომპლექსში ჩასატარებელი შეჯიბრის ჩემპიონები ახალგაზრდული ნაკრების წევრები გახდებიან და ზაფხულში, ევროპირველობაზე დასაყენებელი ქართული გუნდი სწორედ მათგან დაკომპლექტდება. აჭარაში, შიდა კონკურენციას ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც დააკვირდება. ნუგზარ სხირელმა დღეს “მსოფლიო სპორტის” რამდენიმე შეკითხვას უპასუხა
- ჩამოგვითვალეთ მოჭიდავეები, რომელთაც შარშანდელი სეზონით დაასრულეს ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა
- პირველ ყოვლისა, დავით ხუციშვილი (74 კგ). ამ ბიჭმა შარშან ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრი მოიგო - ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე გაჩემპიონდა, უფროსებში კი საქართველოს პირველობაზე იმარჯვა და უკვე ძირითადი ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. ასაკის გამო, ახალგაზრდულ პირველობებში მძიმეწონოსნები: ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი საკანდელიძე და ლევან ბერიანიძეც ვეღარ გამოვლენ. ასევე თორნიკე ხიდეშელი (96 კგ).
- გამოდის, შარშანდელი შემადგენლობის თითქმის სანახევროდ გადახალისება მოგიწევთ...
- იქნებ უფრო მეტადაც, წინ საქართველოს ჩემპიონატია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, სიურპრიზებს ნაკლებად ველოდები.
- 2010 წელს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხუთ-ხუთი მედალი მოიპოვა, აქედან ორ-ორი ოქრო. წლეულს მსგავსი შედეგის მიღწევა გაჭირდება?
- ჯერ ძალიან ადრეა და ძნელია ამაზე საუბარი. თუმცა ფაქტია, 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში ძალიან ძლიერი სპორტსმენები დავკარგეთ. ამ ეტაპზე, ხუციშვილისა და საკანდელიძე-ბერიანიძის სანახევროდ შემცვლელი მოჭიდავეებიც კი არ გვყავს.
- ნაკრების შარშანდელი შემადგენლობის წევრთაგან რომელიმე ტრავმის გამო ხომ არ დააკლდება ბათუმურ ჩემპიონატს?
- როგორც ვიცი, ნაკრების წევრთაგან ყველამ უნდა იჭიდავოს. ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ თენგიზ ჩოჩიშვილს (60 კგ) მუხლი აწუხებდა. ოპერაციაც გაიკეთა, მაგრამ უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მგონი ჭიდაობაც უნდა შეძლოს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) კი ამჯერად დაისვენებენ, ოღონდ ტრავმა არაფერ შუაშია. ეს ბიჭები უკვე ძირითადი ნაკრების კანდიდატებად მიიჩნევიან, უფროსებთან ერთად გადიან შეკრებებს, ჭიდაობენ საერთაშორისო ტურნირებზე და მწვრთნელთა შტაბმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, ზედმეტ დატვირთვას და წონის ხშირ კლებას ავარიდოთ.
- ასაკობრივ პირველობებზე აღარასოდეს გამოვლენ?
- გამონაკლისი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატს ეხება. ახალგაზრდულ ნაკრებში კი ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი კვლავ უმთავრეს კანდიდატებად დარჩებიან და ივნის-ივლისში გასამართი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვისაც მოემზადებიან. უფროსებში ევროპირველობა აპრილშია, მსოფლიოს ჩემპიონატი – სექტემბერში. ასე რომ, წესით ხელი არ უნდა შეეშალოთ. ზოგადად კი, ნაკრები ტრადიციულად, საქართველოს პირველობის შედეგებით დაკომპლექტდება – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონებს წავიყვანთ. გამონაკლისი მხოლოდ 55 და 84 კილოგრამი წონითი კატეგორიები იქნება.
- ევროპა-მსოფლიოსთვის მოსამზადებელი გეგმა უკვე დაზუსტებულია?
- რა თქმა უნდა. ივნისამდე ახალგაზრდული ნაკრები სამ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას - ლატვიაში, აზერბაიჯანსა და რუმინეთში.

ოთარ მაღლაკელიძე

0.124533