ინტერვიუები

22:48 | 3.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ კანდელაკი: “ზონაში დიდხანს ყოფნამ არ გაამართლა”

ლიტვაში მიმდინარე ვაჟ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის D ჯგუფის მესამე ტურში, საქართველო სლოვენიას დაუპირისპირდა, რომელიც რუსეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია და მომდევნო ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დებიუტანტ საქართველოს, ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ერთ-ერთ მომენტში, საქართველო 13 ქულითაც კი დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ჩვენი მეტოქე განსაკუთრებით სამქულიანების სროლის სიზუსტით გამოირჩეოდა _ 35 შესაძლებლობიდან 15 ჩააგდო და მთლიანად მოპოვებულ ქულათა ნახევარზე მეტი, ამის შედეგად დააგროვა.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარის გასაკეთებლად კლუბ თსსუ-ს მთავარ მწვრთნელ ნუგზარ კანდელაკს ვთხოვეთ.
-    სამწუხაროდ, ზედიზედ მეორე შეხვედრა წავაგეთ. დღეს თუ გვქონდა მატჩის გადარჩენის შანსი?
-    დღეს უფრო მეტი შანსი გვქონდა მოგების, ვიდრე მეორე ტურში, რუსეთთან თამაშის დროს, რადგან რუსებმა ძალიან ძლიერი დაცვა დაგვიყენეს და ჩვენს წამყვან მოთამაშეებს (ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი...) განძრევის საშუალება არ მისცეს.
-    სლოვენიასთან რა იყო წაგების მიზეზი?
-    მთავარ მწვრთნელს ამდენი ხანი ზონა არ უნდა დაეყენებინა. ძირითადად, ეს იყო წაგების მიზეზი, ზონაში ამდენი ხნით ყოფნამ, მეტოქეს საშუალება მისცა სამქულიანებით შეეტია ჩვენი ფარისთვის. თუ არ ვცდები, ერთი მატჩისთვის ძალიან ბევრი, 15 სამქულიანი გამოიყენეს.
ჩემი აზრით, მთავარ მწვრთნელს თამაში ზაზა ფაჩუალიაზე უნდა აეგო, რომელიც კარგად თამაშობდა. პირველად ვნახე, რომ ნატურალიზებული კალათბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და თამაშში იშვიათად ერთვებოდეს.
ძალიან ნელა გადაგვაქვს ბურთი მეტოქის ნახევარზე. ჩვენს უკანახაზელებს 12-14 წამი სჭირდებათ ბურთის გადასატანად და პასის გასაკეთებლად. ყველას ვერ ვიხსენებ, ძირითადად, ეს იყო ჩვენი დამარცხების მიზეზი.
-    ჩვენი ნაკრების წევრები ამდენ გარბენს რომ აკეთებდნენ, ეს რით შეიძლება აიხსნას?
-    ჩვენი ნაკრების წევრთა უმეტესობას, თავიანთ გუნდებში 10-15 წუთი უწევთ თამაში, გამოცდილება აკლიათ და შეცდომებსაც ამიტომ უშვებენ.
-    სამწუხაროდ, ჩვენს სნაიპერ მარკოიშვილს, ამჯერად სროლა არ წაუვიდა ისე კარგად, როგორც ეს რუსეთთან მატჩის დროს იყო.
-    მარკოიშვილი ეულად მოქმედებს და რასაც აკეთებს, მისი მხრიდან გმირობის ტოლფასია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული ერთი ნომინალური კომბინაცია ვერ დავინახე.
-    ხვალ, საქართველოს მეტოქე უკრაინა იქნება, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტია...
-    მე ვიტყოდი, რომ უკრაინა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ჩვენი ძირითადი კონკურენტია. ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს, რადგან უკრაინა თანაბრად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი, მაიკ ფრატელო (აშშ) ხელმძღვანელობს.
 

როლანდ ლაბუჩიძე

0.130676