ინტერვიუები

10:06 | 10.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცა ველიჩკოვიჩი: "რეალს" ყველას დამარცხება შეუძლია"

მადრიდის “რეალის” საკალათბურთო გუნდის ახალწვეული, ნოვიცა ველიჩკოვიჩი, გასული თვის ევროლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 23 წლის სერბმა ფორვარდმა ცოტა ხნის წინათ “RealmadridTV”-ს საკალათბურთო გადაცემას საინტერესო ინტერვიუ მისცა.

- გასულ სეზონში ევროლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაგასახელეს, რის შემდეგაც მადრიდის “რეალში” გადახვედით...
- როგორც ადრე აღვნიშნე, ეს მხოლოდ შედეგებიდან გამომდინარეა. უბრალოდ, ძალიან ბევრს ვმუშაობდი. კალათბურთელმა ყოველი ვარჯიშისგან რამე უნდა ისწავლოს.
- რატომ აირჩიეთ “რეალი”?
- “პარტიზანში” გატარებული წლების შემდეგ, გადავწყვიტე, ბედი კარგ მწვრთნელებთან მუშაობაში მეცადა, რათა უფრო ბევრი რამ მესწავლა. ვფიქრობ, ეტორე მესინა საუკეთესო არჩევანია. “რეალში” სწორედ მისი მოსვლის შემდეგ გადმოვედი.
- ხომ არ გაგიკვირდათ, რომ გუნდი, ახალი მწვრთნელით და ამდენი ახალი კალათბურთელით, ასე კარგად თამაშობს?
- სრულიად ახალი გუნდი შეიქმნა და მისთვის მოგება მნიშვნელოვანია. გუნდში 10 ახალი მოთამაშე მოვიდა. ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მეტი შეგვიძლია. შესანიშნავი იქნება ასეთ ტემპში გაგრძელება.
- გუნდში არაერთი გამოცდილი კალათბურთელი ირიცხება. რას სწავლობთ მათგან?
- როდესაც პატარა ვიყავი, ყურადღებით ვაკვირდებოდი ხორხე გარბახოსას თამაშს. დღეს კი მის გვერდით ვთამაშობ და ცოდნას კიდევ უფრო ვიღრმავებ. გუნდის წევრთა უმრავლესობა ჩემზე 8-10 წლით უფროსია. ასეთი გამოცდილი კალათბურთელებისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.
- გუნდში ასევე არაერთი ახალგაზრდა კალათბურთელი ირიცხება. გასულ წელს ევროლიგაში თქვენ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე იყავით, სერხიო ლულმა კი, მეორე ადგილი დაიკავა. რას გვეტყვით ვლადიმირ დაშიჩზე?
- მას წარმოუდგენელი ტალანტი და ფიზიკურად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ვლადიმირს ყველაფრის შესანიშნავად გაკეთება შეუძლია. იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და განვითარებისთვის ბევრი დრო აქვს. “რეალში” დაშიჩს ბევრის სწავლა შეუძლია, რადგან შესანიშნავი კალათბურთელების გარემოცვაშია.
- რომელია თქვენი საყვარელი პოზიცია?
­ მიყვარს მე-4 ნომრად თამაში, მაგრამ მატჩის მოსაგებად ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია ასპარეზობა.
- ტრავმირებული რეიესის და ვან დენ შპიგელის არყოფნაში, თქვენ და გარბახოსამ დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვით. რამდენად კარგი იქნება გუნდისთვის მათი დაბრუნება?
- ახლა უფრო გაგვიადვილდება თამაში. იმდენი სათამაშო დრო აღარ გვექნება, მაგრამ შევძლებთ მეტ დასვენებას და უფრო დატვირთვით ვარჯიშს. ფელიპე და ტომასი შესანიშნავი კალათბურთელები არიან. მათი დონის მოთამაშეთა გუნდში ყოფნა ფუფუნებაა.
- რამდენად განსხვავდება ესპანეთის ჩემპიონატი ადრიატიკის ლიგისგან?
- განსხვავება დიდია. ესპანეთის ჩემპიონატი ევროპაში საუკეთესო ლიგაა. ადრიატიკის ლიგაში ასპარეზობის დროს იცი, რომ შეიძლება იოლი თამაშებიც შეგხვდეს. ადრიატიკის ლიგაში 20 და 30 ქულით მოგება ჩვეული რამ იყო. ესპანეთში კი ასე არაა. აქ ყველა გუნდი კარგად თამაშობს.
- ვის მიიჩნევთ ესპანეთის ჩემპიონატში და ევროლიგაში მთავარ კონკურენტებად?
­- ესპანეთში ჩემთვის ყველაზე რთული “უნიკახასთან” და “გრან კანარიასთან” თამაშია. ევროლიგაში კი, რა თქმა უნდა, “პანათინაიკოსს” გამოვარჩევ.
- “რეალს” ძალზე რთული კალენ¬დარი აქვს. ახლო მომავალში გიწევთ “პანათინაიკოსთან”, “ესტუდიანტესთან” და “ბარსელონასთან” თამაში...
- ვფიქრობ, ამ შეხვედრებში წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
- ფიქრობთ, რომ “პანათინაიკოსთან” ათენში მოგება შეგიძლიათ? ბერძნები მადრიდში უკვე დაამარცხეთ.
- ჩემი აზრით, ამის ძალა შეგვწევს. “რეალს” ყველას დამარცხება შეუძლია. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და არავის უნდა გვეშინოდეს. პირიქით, მეტოქეს უნდა ეშინოდეს ჩვენი. რა თქმა უნდა, ათენში რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც მოვიგებთ.
- როგორია “პალასიო ვისტალერჟზე”, 15 ათასი გულშემატკივრის წინაშე თამაში?
- ძალიან კარგი შეგრძნებაა. ეს არენა განსხვავდება ყველა იმ მოედნისგან, სადაც კი აქამდე მითამაშია. ჩემთვის ეს რაღაც ახალია და მომწონს ეს სიახლე.
- გულშემატკივართა ფავორიტი დროის მცირე მონაკვეთში გახდით.
- ვარჯიშის გაგრძელება და კარგად თამაში მინდა. მატჩების მოგება დიდი სიამოვნებაა.
- რა არის თქვენი პერსონალური და გუნდური მიზანი?
- თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ გუნდმა ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლოს. თამაშის დაწყებამდე მასზე საუბარი არ მიყვარს. მომდევნო შეხვედრაზე შორს არასდროს ვიყურები. როდესაც ევროლიგაზე ვთამაშობთ, არ ვფიქრობთ ესპანეთის ჩემპიონატზე, ან თასზე.
- ყველაზე მეტად რომელ თანაგუნდელთან გიადვილდებათ ურთიერთობა?
- პაბლოსთან. მოსამზადებელი პერიოდის დროს მასთან ერთად ერთ ოთახში ვცხოვრობდი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
- რამდენად კარგად იცით ესპანური?
- ესპანური კარგად მესმის, მაგრამ ლაპარაკი მიჭირს. მოედანს გარეთ ურთიერთობის დროს ესპანურად რამდენიმე სიტყვის თქმა შემიძლია, მაგრამ სულ ესაა. მადრიდში რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებთან ერთადაც ყავას ხშირად ვსვამ ხოლმე, მაგრამ ამ დროს სერბულად ვსაუბრობთ.
- მოასწარით მადრიდის დათვალიერება?
- ვიცნობ ქალაქის ცენტრს. ნამყოფი ვარ ერთ-ერთ მუზეუმში. თავისუფალ დროს სეირნობა და ქალაქის დათვალიერება მიყვარს.
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” მიერ გამართულ საფეხბურთო მატჩებს თუ დასწრებიხართ?
- კალათბურთელები დავესწარით “ციურიხთან” გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც მოედანს რონალდუ დაუბრუნდა. სასიამოვნო იყო მოედანზე მისული 70 ათასი გულშემატკივრის ხილვა.
- კიდევ აპირებთ საფეხბურთო გუნდის თამაშების ხილვას?
- თუ დრო მექნება, შევეცდები ყველა თამაშს დავესწრო.

მიშა ზაქარეიშვილი



 

0.117023