ჩოგბურთი

15:01 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “ჩემი პრიორიტეტი “როლან გაროსის” მოგებაა”

 პლანეტის წამყვანი ჩოგბურთელები ახალი სეზონის წინ სხვადასხვა მიზნებს ისახავენ გადასაჭრელად. ამ მხრივ გამონაკლისს არც სადღეისოდ რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ტიტულოვანი სერბი მოთამაშემ მასმედიელებთან საუბრისას 2013 წლის სეზონი შეაჯამა, სამომავლო პრიორიტეტებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსობას არ აპირებს. 

- როგორ შეაფასებთ 2013 წელს თქვენ გამოსვლას?

- უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. АТР-ის 7 ტურნირი მოვიგე, 83 ჩატარებული მატჩიდან 74-ში ვიმარჯვე. ამაზე უფრო წარმატებული სეზონი მხოლოდ 2011-ში მქონდა. “როლან გაროსსა” და აშშ-ის ღია პირველობებზე, უიმბლდონის ფინალში განცდილი მარცხების შემდეგ ფსიქოლოგიური წონასწორობა აღვიდგინე და წლის დასკვნითი ნაწილი მაღალ დონეზე ჩავატარე. ამას თუნდაც ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება ადასტურებს, რომლის ფინალშიც ნადალს მოვუგე.

- მომავალ სეზონში პრიორიტეტად რის მიღწევას ისახავთ?

- წლეულს მომქანცველი სეზონი მქონდა და ახლა ვისვენებ. ავსტრალიის ღია პირველობისთვის უკვე სათანადო ფორმაში ვიყო. წინ მეტად რთული სეზონი მელოდება, მაგრამ აუცილებლად შევეცდები რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე დაბრუნებას.  ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ტრავმის შემდეგ რაფა ნადალი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. მთავარი პრიორიტეტი სადიდსლემო შეჯიბრებებზე კარგად გამოსვლაა. შევეცდები ოთხივე მათგანი მოვიგო. ყველაზე მეტად კი საფრანგეთის ღია პირველობაზე საჩემპიონო წოდების დაუფლება მწადია. მოგეხსენებათ, ეს ტურნირი აქამდე არასდროს მომიგია და სამედლო კოლექციაში “როლან გაროსის” ოქროღა მაკლია. პარიზში წლეულს ნადალთან ნახევარფინალი დავთმე და ეს ჩემთვის სეზონის ყველაზე მტკივნეული მარცხი გახლდათ. რაფას დამარცხება ძალიან მინდოდა, მან კი თავისი ძალა და უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მართლაც გაოცებას იწვევს ნადალის კორტზე ფენომენალური დაბრუნება.

- როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ კიდევ შეეცდება რომელიმე სადიდსლემო ტურნირის მოგებას. მოახერხებს ამას შვეიცარიელი?

- ვფიქრობ, როჯერს საამისო ძალა შესწევს, მისი ოსტატობა კი ყველას მოეხსენება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფედერერის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს. მისი დამარცხება გამიჭირდება, მაგრამ ჩემ მთავარ კონკურენტებად ნადალს, შოტლანდიელ ენდი მარეისა და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ვთვლი.

- ბავშვობისას თქვენი საყვარელი ჩოგბურთელი რომელი ვარსკვლავი იყო?

- ბიორნ ბორგის, ჯიმი კონორსისა და ჯონ მაკინროის თამაში არ მახსოვს, ჩემი კერპი პიტ სამპრასი გახლდათ. ინტერესით ვუცქერდი მატჩებს ანდრე აგასის მონაწილეობითაც. ბოლო დროს ჩოგბურთი განვითარდა და წინ წავიდა. ვიმედოვნებ, დღევანდელი მოზარდებისთვის ჩემი და რაფას დაპირისპირებები გახდება სამაგალითო.

- აქტიური სამოქალაქო პოზიციით გამოირჩევით. სამომავლოდ პოლიტიკოსობას ხომ არ აპირებთ?

- არავის ვუსურვებ ომის საშინელების ხილვას და გადატანას. შეიძლება ითქვას, რომ უმძიმეს სიტუაციაში ჩოგბურთმა გადამარჩინა. ჩემი მშობლები რესტორნის მეპატრონეები იყვნენ, მის სიახლოვეს კი 3 კორტი იყო. 4 წლისამ ტელევიზორის მეშვეობით პირველი საჩოგბურთო მატჩი ვიხილე და მას შემდეგ ჩემი კორტიდან გაყვანა ძნელი საქმე გახდა. მამას ჩემი შესაძლებლობების ყოველთვის სჯეროდა და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ომთან ერთან სერბებს ფინანსური კრიზისიც გვიშლიდა ხელს. მართლაც მიკვირს, ამგვარ პირობებში როგორ ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ჩოგბურთელად. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, უბრალოდ ჩემ ხალხს მსურს დავეხმარო.  ჩემ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი სერბ ბავშვებს ეხმარება, განსაკუთრებით ხელს მათ კარგი განათლების მიღებაში უწყობს. არც სპორტს ვივიწყებ, რაც შეძლებისდაგვარად ბევრი მოედნის თუ დარბაზის აშენებაში გამოიხატება. ვფიქრობ, სამშობლოსთვის სასარგებლო საქმეებს ვაკეთებ.

0.119034