იმ დროს, როცა საქართველოს ჩემპიონატში ნეგატიური ამბები არ ილევა და ერთმანეთს დომინოს პრინციპივით ეწყობა, კარგიც ხდება. როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, “ზესტაფონმა” თბილისში ბაზის მშენებლობა დაიწყო. ჯერჯერობით, ქართულ რეალობაში არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ ამა თუ იმ კლუბს საკუთარი ქალაქის გარდა, სხვაგანაც ჰქონოდა ბაზა. “ზესტაფონი” ამ მხრივ პირველია.
ეს ბაზა შენდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ “ზესტაფონის” პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით, რომელმაც უფრო დეტალურად გაგვაცნო სიტუაცია:
“დიახ, ვადასტურებ, რომ მშენებლობა დაწყებულია, სულ 3 მოედნის გაკეთება იგეგმება. სამივე სტანდარტული, ბუნებრივი საფარით. წესით, ზაფხულში 2 მოედანი მზად უნდა იყოს. ამ ეტაპზე ნიადაგის გასწორება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აშენდება გასახდელებიც”.
რატომ გაუჩნდა კლუბს იდეა, რომ თბილისშიც ჰქონოდა ბაზა? ამას ახსნა აქვს.
“ მაშინ როდესაც წამყვანი ევროპული კლუბები ბაზებსა და აკადემიებს სხვა კონტინენტებზე აშენებენ, რატომაა გასაკვირი თბილისში ბაზის აშენების ჩვენი სურვილი? “ზესტაფონს” განვითარება ინფრასტრუქტურული კუთხითაც სურს…აღმოსავლეთ საქართველოში გასამართი მატჩებისთვის მომზადებისას გუნდს სულ პრობლემები ექმნებოდა. როცა თბილისში ბაზა გვექნება, ეს პრობლემა აღარ იარსებებს და “ზესტაფონი” თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ სავარჯიშო კომპლექსში მოემზადება”.
როგორც შევიტყვეთ, კლუბს სამომავლო გეგმაში აქვს ამ ბაზაზე ბავშვთა მომზადებაც – ანუ, საფეხბურთო სკოლის ამოქმედება. ზესტაფონში ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს და თანაც, გადასახადების გარეშე. რა აჯობებს, თუ თბილისშიც ექნებათ მსგავსი.
მოკლედ, ქართულ ფეხბურთში მართლაც მშვენიერი ნოვაციაა. “ზესტაფონი” ახერხებს ინფრასტრუქტურული კუთხით განვითარებას და ეგებ, სხვებმაც აუბან მხარი – ან, სცადონ მაინც.