ქალ მოჭადრაკეთა შორის გრან-პრის გათამაშების მე-5 ეტაპს ქალაქ თელავის კურორტმა ლოპოტამ უმასპინძლა. ასპარეზობამ უაღრესად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომელშიც მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა რეიტინგის პირველი ათეულის 7 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) მოიპოვა. რაც შეეხებათ ქართველ მოჭადრაკეებს, ტურნირის 12 მონაწილეს შორის ნანა ძაგნიძე მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა მე-11 ადგილი დაიკავა.
ასპარეზობის დახურვას მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, პლანეტის 5-გზის ჩემპიონი, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.
“მსოფლიო სპორტმა”, რომელიც აღნიშნული ტურნირის დახურვას ესწრებოდა, ისარგებლა ამ შანსით და ქალბატონ ნონასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ახლა გთავაზობთ.
- ქალბატონო ნონა, როგორ აფასებთ ლოპოტაში ქართველ მოჭადრაკეთა გამოსვლას?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ნანა ძაგნიძე მსოფლიო კლასიფიკაციაში პირველ ექვსეულში იმყოფება და გრან-პრის ტურნირებშიც ძირითადად პირველ ექვსეულში ტრიალებს, შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურ შედეგს აჩვენებს, რასაც ვერ ვიტყვი ბელა ხოტენაშვილის შესახებ. ნანასგან განსხვავებით, ბელა არასტაბილურად თამაშობს, რადგან ხან პირველზე გადის და ხანაც ბოლოზე. გამორიცხული არაა, ბელას ასეთი შედეგი გამოუცდელობას დავაბრალოთ, რადგან ის ამ დონის ტურნირებზე, როგორიც გრან-პრის გათამაშებაა, პირველად მონაწილეობს.
- მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ჰოუ იფანის შესახებ რას გვეტყვით, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა?
- ძალიან ძლიერი მოჭადრაკეა. შეიძლება ითქვას, რომ შეცდომებს თითქმის არ უშვებს.
- მართალია, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ იფანს სამეფო ტახტი დამსახურებულად უკავია, მაგრამ რეიტინგში იუდით პოლგარს მაინც ჩამორჩება, რომელიც მხოლოდ ვაჟთა შორის თამაშობს. ეს მოჭადრაკეები რომ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელს მისცემდით უპირატესობას?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ იუდით პოლგარი ასაკში შედის და დაღმასვლის პერიოდი აქვს, ხოლო იფანს პირიქით, ფავორიტად ჩინელი მიმაჩნია. მეტიც, უახლოეს მომავალში მის სერიოზულ მეტოქეს ვერ ვხედავ. ქალთა დღევანდელ ჭადრაკს შეიძლება ჰოუ იფანის ეპოქაც კი ვუწოდოთ.
- ისევე, როგორც თქვენი ეპოქა იყო?
- ჩემ დროს სულ სხვა სიტუაცია იყო. ჭადრაკი არ იყო ასეთი მასობრივი და არც ამდენი ტურნირი ტარდებოდა. ამდენი შეჯიბრებიდან გამომდინარე, დაინტერესებაც უფრო მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სულ უფრო მცირდება შუალედი მსოფლიო ჩემპიონატებს შორის. მაგალითად, მე და მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს 5-5 გზის ჩემპიონები ვართ, მაგრამ 16 წელი ვატარებდი ჩემპიონის ტიტულს, ხოლო მაია 13 წელი.
- რამ განაპირობა ჭადრაკით დაინტერესება და ამდენი ტურნირების მომრავლება?
- ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის გამორჩეული როლი ბობი ფიშერმა შეასრულა. ასევე დიდ მადლობას იმსახურებს ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) ამჟამინდელი პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, რომელიც ჭადრაკის განვითარებისთვის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს უანგაროდ.
- არსებობს ლეგენდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფინალში შეხვედრის დროს, პოზიციაზე, სადაც კარგი იქნებოდა სვლა მხედარით, ანუ ცხენით გაგეკეთებინათ, საქართველოში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა ტიგრან პეტროსიანმა, რომელიც იმ შეხვედრას ესწრებოდა, აჩუს გამოთქმით მიგანიშნათ, რომ ცხენი გეთამაშათ. რამდენად შეეფერება ეს ლეგენდა სიმართლეს?
- რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერება. ფინალური შეხვედრის დროს დარბაზში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით და პეტროსიანი აჩუს დაძახებას როგორ გაბედავდა. ეს ყველაფერი თბილისელი სომეხი ტაქსისტების მოგონილია და მეტი არაფერი.
- თქვენს ცხოვრებაში იყო დრო, როცა პოლიტიკითაც იყავით დაინტერესებული...
- პოლიტიკით ჩემი დაინტერესება თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. არ მომწონდა ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო სათავეში მოვიდა 2003 წლის შემდეგ და ამიტომ გავხდი იძულებული პოლიტიკაში ჩავრეულიყავი.
- თქვენი პოლიტიკით დაინტერესება ახლაც გრძელდება?
- ჩემი პოლიტიკით დაინტერესება მაშინ დასრულდა, როცა პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს.
- ამჟამინდელი ხელისუფლების შესახებ რა აზრის ხართ?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო, საპრეზინდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიტიკაში აღარ ვერევი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ერთადერთი პროფესია ჭადრაკია და ასეთად დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე.
- თქვენის ნებართვით, დავუბრუნდეთ ისევ სპორტს. ქართველი მოჭადრაკეების ამჟამინდელი თაობიდან თუ გეგულებათ ვინმე, ვინც ქართულ ჭადრაკს დედოფლის დაკარგულ გვირგვინს დაუბრუნებს?
- ძნელია ერთმა, მითუმეტეს ჩვენნაირმა პატარა ქვეყანამ დიდხანს ჭადრაკის გვირგვინი ატაროს. ახლა ჩინელი მანდილოსნების დროა. რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეებს, ნებისმიერ ოლიმპიადაზე ვიქნებით ერთ-ერთი სინჯის მედლის კანდიდატი. რაც შეეხება ჩემპიონობის კანდიდატს, ჯერჯერობით მოცდა მოგვიწევს.
- ჭადრაკის გარდა თქვენ სპორტის სხვა სახეობების თავგამოდებული გულშემატკივარი ბრძანდებით. ახლა, როცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელია თქვენი ფავორიტი გუნდი?
- ჩემი ფავორიტი ესპანეთის “ბარსელონა” და ამ გუნდის ლიდერი, არგენტინელი ლიონელ მესია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ გუნდს, ანუ არგენტინას ვქომაგობ, სადაც მესი თამაშობს.