ჭადრაკი

0:08 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ლიდერია!

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მოთამაშე ბათუმურმა კლუბმა “ნონამ” მე-2 გამარჯვება იზეიმა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბის ღირსებას ნანა ძაგნიძე (2566), ბელა ხოტენაშვილი (2507), სალომე მელია (2464), ნინო ბაციაშვილი (2426) და მირანდა მიქაძე (2242) იცავენ.

მე-2 ტურში “ნონამ” გერმანული “ბად კონიგსჰოფენი” 2.5:1.5 დაამარცხა. ხოტენაშვილი ელიზაბეტ პეტცს (2467) დაუზავდა, მელია – ლილიტ მკრტჩიანს (2547), ბაციაშვილი – ანასტასია სავინას (2373), გუნდს კი გამარჯვება მიქაძემ მოუტანა, რომელმაც მარია შოენე (2261) დაამარცხა.

ბათუმური კლუბის გარდა, 4 ქულა მოაგროვა რუსულმა “ნაშე ნასლედიემ”, შემდეგ კი 2-2 ქულით, ხსენებული “ბად კონიგსჰოფენი”, რუსული “უგრა” და “ლადია” და ისრაელის წარმომადგენელი “რიშონ ლეციონი” მოდიან.

მოულოდნელად, ორივე ტურში დამარცხდა “მონტე-კარლო”, რომელსაც პირველი რეიტინგი გააჩნია და შემადგენლობაც ვარსკვლავური ჰყავს: იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2663), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2551), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2540), პია კრამლინგი (შვედეთი, 2516) და ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2430). შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში “მონტე-კარლოს” 2.5:1.5 “ნონამ” სძლია, მეორეში კი ამავე ანგარიშით სენებულმა “ნაშე ნასლედიემ” დაამარცხა.

მე-3 ტურში ქართული კლუბის მეტოქე ებრაული “ჰერცლია” იქნება, რომელმაც ორივე მატჩი წააგო და დამატებითი მაჩვენებლებით ბოლო ადგილზეა. ებრაულ კლუბს სუსტი შემადგენლობა ჰყავს და “ნონას” მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

0.117369