"ბოხუმის" ოფიციალურ საიტზე ორ ახალწვეულთან ინტერვიუ გამოქვეყნდა – ნიკა გელაშვილთან და მიხაელ დელურასთან, რომელიც ერთ დროს გერმანიის ერთ-ერთი უპერსპექტიულესი ფეხბურთელი გახლდათ და ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოირჩეოდა. დელურა, ნიკას დარად, 26 წლისაა და ბილეფელდის "არმინიიდან" აიყვანეს.
გელაშვილმა განაცხადა, რომ წინადადება სხვა ქვეყნებიდანაც ჰქონდა, ხოლო "ბოხუმი" შემთხვევით არ აურჩევია:
- ნიკა, თქვენ პირველად ხართ აქ. როგორია შთაბეჭდილებები?
- უპირველესად, ძალიან მიხარია, რომ "ბოხუმის" ფეხბურთელი გავხდი. შთაბეჭდილებები მშვენიერია, ყველამ თბილად მიმიღო. აქ სტუმართმოყვარე ატმოსფეროა.
- რატომ აირჩიეთ "ბოხუმი"?
- სხვადასხვა ქვეყნებიდან მქონდა წინადადებები, მაგრამ "ბოხუმში" ჩამოსვლა მინდოდა. ბევრი ვისაუბრე მეგობრებთან, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან და გადაწყვეტილებაც მივიღე. მაგალითად, ალექსანდრე იაშვილმაც მირჩია "ბოხუმი". მან ხომ მშვენივრად იცის გერმანული ფეხბურთი.
- როგორ ფიქრობთ, რას შეგმატებთ "ბოხუმში" თამაში?
- ეს კითხვა მეც დავუსვი საკუთარ თავს და მალე გავიგე, რომ "ბოხუმი" ტრადიციული კლუბია და ერთგული, ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს.
- გუნდი მეცხრე ადგილზეა მეორე ბუნდესლიგაში. რა მიზნები გაქვთ? როგორც პირადად, ისე კლუბთან დაკავშირებით.
- კონკრეტულად ჩემი მიზანი ოსტატობის კიდევ უფრო დახვეწაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც "ბოხუმში" გადმოვედი. გერმანიიის ლიგა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ვიცი, მეორე ბუნდესლიგაც მაღალი დონისაა. ყველაფერს გავიღებ, რათა გუნდს გამოვადგე.
- "ბოხუმის" თამაში აქამდე თუ გინახავთ? და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ გუნდზე და მის სისტემაზე?
- დიახ, ბევრი თამაში ვნახე. ამასთან, ინტერნეტით ვიღებდი "ბოხუმზე" ინფორმაციას. შთაბეჭდილება? დავრწმუნდი, რომ "ბოხუმი" შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩემთვის, როგორც ფორვარდისთვის, ძალიან კარგი და მისაღებია.
- ოჯახი თუ ჩამოგყავთ ბოხუმში?
- უპირველესად, დღეს ვეცნობი ქალაქს. მეუღლესა და სამი შვილს მაშინ ჩამოვიყვან, როცა კლუბი ბინას მომცემს. და კიდევ, მოუთმენლად ველი პირველ ვარჯიშს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დავეხმარო გუნდს.
რა შეხსენება გინდათ, გელაშვილი ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესოგანი გახლდათ და ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. ნიკა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა "ზესტაფონის" შემადგენლობაში და ჯაბა დვალთან ერთად, მშვენიერ ტანდემს ქმნიდა.
ილია ნანობაშვილი